დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 7 აპრილიდან 2 მაისამდე კერამიკოსთა გამოფენა მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ცნობილი ქართველი ხელოვანების - ნატო ერისთავის, ლალი ქუთათელაძის, ლია ბაგრატიონის, ოთარ ვეფხვაძის, გია მიმინოშვილის, გიგიშა პაჭკორიასა და მალხაზ შველიძის ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა მედიუმშია შესრულებული. ლალი ქუთათელაძის კურატორობით წარმოდგენილი გამოფენის კონცეფციაა - ,,ავტორთა მიერ მათთვის საინტერესო თემაზე შესრულებული ნამუშევრის, ინსტალაციის ან კომპოზიციის წარდგენა შერჩეული მასალის შეზღუდვის გარეშე, თუმცა სავალდებულოა თიხის გამოყენება”.

ქართველი ხელოვანი  ნატო ერისთავი გამოფენაზე წარმოდგენილ მის არტ-ობიექტებსა და ნამუშევრებზე მოგვიყვება: 

,,წარმოდგენილი ნამუშევრები იაპონური ფილოსოფიის - კინცუგის ინსპირაციით შესრულებული კომპოზიციებია. კინცუგის სიმბოლო გატეხილი კერამიკული ფიალაა, რომელიც შემდეგ აწყობილია ნატეხებით და არის გამთლიანებული. ფილოსოფია თვითონ გვიყვება, რომ ნივთი თავის ისტორიას გვიამბობს და გვიჩენს გარკვეულ დამოკიდებულებას დროთა განმავლობაში, გატეხილი ნივთი კი შეგვიძლია მეტად აღმატებულ ხარისხში და სტატუსში გადავიყვანოთ, რადგან ის ჩვენი მეხსიერების და ისტორიის ნაწილია. ეს მხოლოდ ნივთებს არ ეხება, ეს უკავშირდება სულიერებას, ცხოვრების განცდებს, რომელიც შედგება გულისწყვეტისგანაც, თუმცა არის ჩვენი განუყოფელი ნაწილი და ის პატარა, ცუდი მომენტებიც რაღაცნაირად გვავსებს და გვაძლევს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. 

სწორედ იაპონური ფილოსოფია დაედო საფუძვლად ჩემს თანამედროვე ობიექტებს, სპეციალურად გავტეხე სხვადასხვა კერამიკული ობიექტები, შესაბამისად, შევიტანე ხელოვნური ბზარები და ეს გატეხილი ნივთი საგამოფენო სივრცეში წარმოვადგინე, როგორც არტ-ობიექტი. მაქვს გამოყენებული ბუნებრივი, გამოუმწვარი, სველი თიხა, რომელიც ჩემთვის, როგორც კერამიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა და მინდოდა, რომ ხელოვნურად გაბზარული მინა და დიზაინი შემდგომში გაგრძელებულიყო თიხის უნიკალური თვისებებით, რომელმაც შრობის პროცესში შეიტანა ბუნებრივი ბზარები, რითაც აგრძელებს სიცოცხლესა და დიზაინის ცვალებადობას. შეიძლება ითქვას, რომ თიხა ჩემი ნაშრომის თანაავტორია, რომელმაც დიზაინში თავისი ელემენტები შეიტანა და შექმნა ესთეტიკა."

,,აქვე შეხვდებით ობიექტს, რომელიც ერთგვარი პასუხია კინცუგის ფილოსოფიისა, რომელიც რეალურად არის ,,ხარვეზი", რაღაც არასრულფასოვანი და ის, რაც შესაძლოა, ზოგჯერ დეფექტად ჩაითვალოს. ეს ნამუშევარი არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა და ეძღვნება უსინათლო ადამიანებს, რომელთაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება თვლიდეს ერთგვარ ,,ნაკლად", თუმცა რეალურად მათი წარმოსახვა, მათი სამყარო და ხედვა ბევრად უფრო ღირებული და ფასეულია, ამ შემთხვევაში კი ჩვენ თავად შეიძლება ჩავითვალოთ ,,ხარვეზად", რადგან ვერასდროს ვერ გვექნება ის უშრეტი ფანტაზია, ფორმის და ფერის გასაოცარი შეგრძნება, რაც გააჩნიათ უსინათლო ადამიანებს, ამიტომ ეს ნამუშევარი სრულად ეძღვნება მათ. ეს არის ჩემი ერთგვარი კომუნიკაცია ჩვენსა და იმ სამყაროს შორის, რომელიც მათ აქვთ. ჩემი შექმნილი არტ-ობიექტი არის თანამედროვე, ვიზუალური ნამუშევარი, სადაც  უსინათლო ადამიანს შეუძლია ამოიკითხოს ტექსტი:  

                                                                

მე ვხედავ ამ ნამუშევარს. 

შენ გრძნობ ამ ნამუშევარს. 

ეს ნამუშევარი ჩვენთვისაა. 


ის, რომ ნამუშევრის დანახვა და შეგრძნობა უსინათლო ადამიანებს შეუძლიათ, ამყარებს კონტაქტს და ქმნის ურთიერთობას, რითაც გამოვხატე ჩემი დიდი პატივისცემა და მინდოდა, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უსინათლოების სამყარო, მათი შეგრძნებები და დავაფასოთ ის ინტელექტი, ფანტაზია თუ სასწაული სამყარო, რასაც ჩვენ ვერ შევიგრძნობთ".