იტალიური რენესანსით შთაგონებული არქიტექტურის საუკუნოვანი სასტუმრო - The Breakers 1896 წელს ფლორიდაში, Palm Beach-ის სანაპიროზე გაიხსნა. 140 ჰექტარზე გადაშლილი სასტუმრო 128 წლის წინ მაგნატმა - Henry Morrison Flagler-მა დააარსა და დღესაც მისი მემკვიდრეები აგრძელებენ The Breakers-ის მუდმივ აღორძინებას. 

ოკეანის პირას მდებარე რვასართულიან სასახლეს მზიანი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ლოჟები, Twin Belvedere - საკულტო კოშკები და თაღები ამშვენებს. პალმებით მორთული მთავარი გზა ბაღში არსებული ფლორენციული შადრევნისკენ მიდის, რომელიც ფლორენციის ბობოლის ბაღების მიხედვით არის შექმნილი. 

სასტუმროს ლობი გენუაში მდებარე დარბაზის - Palazzo Carrega-ს გავლენით შეიქმნა. დამსვენებლისთვის სულ 534 ნომერია, რომელიც მოიცავს 72 ლუქსს - ორ Imperial-ს და ოთხ Royal Poinciana ლუქსს. თითოეულ ოთახს ატლანტის ოკეანის ან საკურორტო მოედნებისა და ბაღების ხედები და Palm Beach-ის ცხოვრების წესით შთაგონებული დეკორაციები ამშვენებს. 

The Breakers დამსვენებელს ათი რესტორნით მასპინძლობს, მათ შორის Flagler Steakhouse, რომელიც გოლფისა და ტენისის Clubhouse-ის მეორე სართულზე მდებარეობს და კლასიკური ამერიკული მენიუთია წარმოდგენილი, ასევე HMF, რომელიც სასტუმროს დამფუძნებლის სახელით შეიქმნა და ხაზს უსვამს 50-60-იანი წლების Palm Beach-ის კოქტეილის კულტურას. აქვე შეხვდებით ზღვის პროდუქტების ბარს, ავთენტურ იტალიურ რესტორანსა და ამერიკულ ბისტროს - Henry's Palm Beach.

სასტუმრო გამორჩეულია მრავალფეროვანი დასასვენებელი, გასართობი სივრცეებითა და აქტივობებით. კერძო პლაჟი - Beach Club ოთხ აუზს, ექვს სპასა და 25 ბუნგალოს - პრემიუმ კლასის კაბანებს მოიცავს. სტუმრებს შეუძლიათ წყლის სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ, მათ შორის - პადლბორდინგსა და კაიაკით სეირნობაში. 

გარდა ამისა, The Breakers-ში ორი გოლფის მოედანი, 10 Har-Tru ჩოგბურთის კორტი, ოკეანისპირა ფიტნესცენტრი, 13 საფირმო ბუტიკი - Polo Ralph Lauren, Guerlain, Mary Lily’s მაღაზიებით, Via Flagler - ფრესკული სავაჭრო მოედანი და საოჯახო გასართობი ცენტრია.

The Breakers-ის დეკორი მოიცავს უმაღლესი ხარისხის ძვირადღირებულ მასალებს, მათ შორის ბაკარას კრისტალს სასადილო ოთახში, იტალიური რენესანსის სტილის შესაბამისად, კლასიკური რომაული გავლენები ჩანს გარე სვეტებსა და თაღებში. სასტუმრო აერთიანებს იტალიურ პალაცოს დიზაინს, ამერიკულ და ევროპულ ოსტატობას, ოკეანის ხედებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. 

The Breakers საუკუნეზე მეტია მასპინძლობს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის - პრეზიდენტებს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა და არაერთ ცნობილ ადამიანს. სასტუმროს ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს.


ფოტოების წყარო: The Breakers