Jimmy Choo Yeang Keat - მალაიზიის ქალაქ პენანგში 1948 წელს დაბადებული დიზაინერი, გაიზარდა ფეხსაცმლის მწარმოებელთა ოჯახში, სადაც მთავარ სამუშაოს მისი მამა ასრულებდა და შვილს ბავშვობიდანვე შთააგონა საქმისადმი ინტერესი და სიყვარული. სწორედ მამის დამსახურებით Jimmy Choo-მ პირველი წყვილი ფეხსაცმელი 11 წლის ასაკში შექმნა, 1980-იანი წლების დასაწყისში კი ინგლისში გაემგზავრა, რათა ესწავლა ჰაკნის კორდვეინერსის ტექნიკურ კოლეჯში.
სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ლონდონში დარჩენილმა ახალბედა დიზაინერმა რამდენიმეწლიანი პროფესიული გამოცდილება მიიღო მოდის სფეროში მუშაობით და ჰაკნიში 1986 წელს პირველი მაღაზია ძველი საავადმყოფოს შენობაში გახსნა, მალევე მოიპოვა პოპულარობა, რასაც ხელი შეუწყო მისი ფეხსაცმელების ჟურნალ Vogue-ში გამოქვეყნებამ. რამდენიმე წლის შემდეგ Jimmy Choo-ს ერთგული მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები გახდნენ, მათ შორის - პრინცესა დიანა, რომელიც ძალიან ხშირად ჩნდებოდა ბრენდის ფეხსაცმელებით.
Jimmy Choo კვირის განმავლობაში დაახლოებით 20 წყვილ ფეხსაცმელს აწარმოებდა, თუმცა Vogue-ის აქსესუარების რედაქტორი Tamara Yeardye Mellon, რომელიც ხშირად იწვევდა დიზაინერს მოდის გადაღებებისთვის ფეხსაცმელების დასამზადებლად, ფიქრობდა, რომ ბრენდი ბევრად დიდ ბაზარზე უნდა გამოჩენილიყო და დიზაინერს ფეხსაცმლის ახალი ხაზის შესაქმნელად პარტნიორობა შესთავაზა, რის შედეგადაც შეიქმნა - Jimmy Choo Ltd.
Choo-მ და Mellon-მა სწრაფად განავითარეს ბიზნესი, შეინარჩუნეს აქცენტი მაღალი ხარისხის ფეხსაცმელებზე, გააფორმეს კონტრაქტები იტალიურ ქარხნებთან და პირველი ერთობლივი ბუტიკი ლონდონში გახსნეს, ბრენდს საკულტო სახელი მოუტანა ტელესერიალმა - ,,Sex and The City’’, რომელშიც მსახიობები 1990-იანი წლების ბოლოს Jimmy Choo-ს ფეხსაცმელებით გამოჩნდნენ. საზოგადოებამ კოლექციები ძალიან სწრაფად აიტაცა, რამაც განაპირობა დიზაინერის მიერ მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის შექმნა.
თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ Choo-მ კომპანიის ნახევარი მიყიდა რობერტ ბენსოუსანს - Equinox Luxury Holdings-იდან 30 მილიონ დოლარად. მას შემდეგ ყურადღება გაამახვილა Jimmy Choo Couture ხაზზე, გააფართოვა და შექმნა როგორც აქსესუარები, ისე ჩანთები.
Jimmy Choo-ს საკულტო ფეხსაცმელების დიზაინი ქალურობით, ელეგანტურობითა და მდიდრული ელფერით გამოირჩევა. დიზაინერი კოლექციებში კრისტალურ და კაშკაშა ფერებს იყენებს, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებს აფორმებს მთელი რიგი ძვირფასი ქვებით - სვაროვსკითა და ბუნებრივი კრისტალებით. დელიკატური სტილის ცნობილი ფეხსაცმელები ერთდროულად არის კომფორტული და მიმზიდველი.
Choo დაუბრუნდა თავის ფესვებს - ლონდონში გახსნილ მაღაზიაში ემსახურება ექსკლუზიური Jimmy Choo Couture ხაზის შტაბ-ბინას. დიზაინერი ასევე ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში - სტუდენტების შერჩეულ ჯგუფს მაღალი კლასის ფეხსაცმლის დამზადებას ასწავლის, არის განათლების ელჩი ლონდონის მოდის კოლეჯში და ბრიტანეთის საბჭოს სპიკერი. დიზაინერი თვლის, რომ განათლება ცხოვრებაში წარმატების გასაღებია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი ცოდნის გაზიარებას.
დაწერე კომენტარი