CH64 გალერეა 26 მაისის ჩათვლით ხელოვანის - სანდრო ფაჩუაშვილის გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით "1 : 10000", რომელიც ადამიანებსა და სამყაროს შორის დარღვეულ კავშირს ეხმიანება.

ადამიანები მოძრაობენ უსიცოცხლო, მასშტაბურ ლანდშაფტებზე, რწმენით თუ ინერციით მიათრევენ საგნებს, რომლებიც ისევ ინდივიდსა და სოციუმს შორის კავშირის დასამყარებლად თუ გამოდგება. დისტოპიიდან უკეთესის საძებნელად, მთებზე მიმავალი ადამიანების თვალით, მასშტაბის აღქმა იწყება საკუთარი თავიდან, ხოლო საერთო სურათი, რომელიც მასშტაბირებით იქმნება, თითოეულ მათგანს დაგვანახებს, როგორც 10000-დან 1-ს და ქმნის ერთ მთლიანობას. ინდივიდუალური სირთულეები კი მეათიათასედად აღიქმება და კიდევ უფრო შორიდან შეხედვისას საერთოდ ქრება.

სანდრო ფაჩუაშვილმა, ახალგაზრდა არტისტმა კარიერა 2017 წელს დაიწყო - თავდაპირველად ქუჩის ხელოვნებით იყო გატაცებული, შემდეგ კი ტილოზე მხატვრობა გააგრძელა. სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით, საკუთარი ვიზუალური ენით თავის შემოქმედებაში ხშირად გამოხატავს პოპულარულ კულტურას და ეხება საკმაოდ სენსიტიურ საკითხებს. არტისტი ნამუშევრებით ამბობს მნიშვნელოვან სათქმელს.


ფოტო: საბა გორგოძე