ქართველი არტისტი ანნა კ.ე. გერმანიაში თავის ყველაზე ვრცელ და მასშტაბურ პერსონალურ გამოფენას - Dolorem Ipsum-ს მართავს, რომელიც 23 მარტს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. გამოფენას გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მდებარე Kestner Gesellschaft მასპინძლობს.
ანნა კ.ე. იკვლევს სხეულს და ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც ახასიათებს არასტაბილურობა, გაუცხოება და ტრანსფორმაცია არქიტექტურულ ლანდშაფტებში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სივრცეში მოძრაობის აღქმასა და კონცეფციას, განიხილავს არქიტექტურულ სახელმძღვანელო სისტემებს, სტრუქტურებსა და ბარიერებს. მისი მხატვრული პრაქტიკა მოიცავს ადამიანის სხეულის უწყვეტ შესწავლას.
არტისტმა შექმნა ახალი ინსტალაციები Kestner Gesellschaft-ის ორი საგამოფენო დარბაზისთვის, სადაც იგი აგრძელებს თავისი კინეტიკური და სხეულზე ორიენტირებული ნამუშევრების წარმოდგენას - ვიდეოს, ქანდაკების, პერფორმანსისა და ნახატის საშუალებით. გამოფენა მოიცავს მთავარ მოედანს, ძაღლების ქანდაკებებს, ავტობუსის გაჩერების ინსტალაციას, გუმბათებს, ხის თაროს, რომელზეც წარმოდგენილია ძველი ნამუშევრები და არტისტის მხატვრული პრაქტიკის ამსახველი არტეფაქტები.
ანნა კ.ე. სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში, ასევე განათლება მიიღო Staatlichen Akademie der Bildenden Künste Stuttgart-სა და Kunstakademie Düsseldorf-ში. არტისტმა საქართველო ხელოვნების 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე წარადგინა, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაზე. მის ნამუშევრებს კი არაერთ მნიშვნელოვან საჯარო და კერძო კოლექციებში შეხვდებით.
დაწერე კომენტარი