თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული დიზაინერი - ჯონათან უილიამ ანდერსონი უკვე 10 წელიწადზე მეტია ესპანური მოდის სახლის, Loewe-ს კრეატიული დირექტორია. ამავე დროს კი არის საკუთარი ბრენდის - JW Anderson-ის დამფუძნებელი. მის კოლექციებს ექსტრავაგანტურობა და ორიგინალური შემოქმედებითი ხედვა გამოარჩევს, ქმნის კონცეპტუალურ, არაორდინალურ და ხშირად ირონიული ხასიათის სამოსს, კრეატიულობითა და ექსპერიმენტებით. 

ანდერსონი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიზარდა, თუმცა დიდ დროს ატარებდა ბალეარის კუნძულებზე, კონტრასტულმა გარემომ მისი, როგორც დიზაინერის ხედვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 18 წლის ასაკში იგი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ნიუ-იორკში, ჯულიარდის სკოლაში დაიწყო სწავლა, რათა მსახიობი გამხდარიყო, თუმცა მისი ინტერესის სფერო შეიცვალა და მსახიობობის ნაცვლად კოსტიუმების დიზაინით და მათი შექმნით დაინტერესდა, რის გამოც ლონდონის მოდის კოლეჯში სწავლა გადაწყვიტა. 

24 წლის ასაკში ანდერსონმა, როგორ ტანსაცმლის დიზაინერმა, 2008 წელს საკუთარი ბრენდი - JW Anderson დააარსა, რომელმაც საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი, მისმა პირველივე კოლექციამ დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება და მალევე მოიპოვა სპონსორობა, რის შემდეგაც ახალგაზრდა დიზაინერის კოლექციები ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდა.

ანდერსონისთვის გარდამტეხი მომენტი 2011 წლის თებერვალში, მის ჩვენებაზე შედგა, რომლის ფარგლებში დიზაინერმა პეისლის აბრეშუმის კოსტიუმი წარადგინა. ეს მისი ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ სეზონზე პეისლი გამოჩნდა იმ დროისთვის წამყვანი მოდის სახლების კოლექციებში. ანდერსონის ხედვამ აღაფრთოვანა მოდის რედაქტორები, დიზაინერები და მსოფლიო მასშტაბით დიზაინერის მიმართ ინტერესი გამოიწვია. 

JW Anderson ლეიბლის მზარდ წარმატებას 2012 წელს მოჰყვა Topshop-თან თანამშრომლობა,  რაც მოიცავდა ლიმიტირებული გამოცემის სამოსსა და ნივთებს JW Anderson x Topshop კოლექციიდან. სამოსი და აქსესუარები - დაწყებული მინი ქვედაბოლოებით, პეისლის პრინტებით, ჰელოუინის მოტივებით, დამთავრებული სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებით, iPhone-ის ქეისებითა და რუბიკის კუბებით, რამდენიმე საათში სრულიად გაიყიდა. წარმატებული კოლაბორაცია შემდეგ წელს კი კიდევ ერთხელ შედგა.

2013 წელს ანდერსონმა დელფინ არნოს ინიციატივით, LVMH-გან ესპანური ბრენდის - Loewe-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელობის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო. სწორედ ანდერსონს უკავშირდება მე-19 საუკუნეში ტყავის ხელობაზე დაფუძნებული სახლის - Loewe-ს აღორძინება და კომერციული წარმატება, ბრენდის სახელის პრესტიჟის მნიშვნელოვანი ზრდა და მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა.

ახალგაზრდა კრეატიული დირექტორი კოლექციებს როგორც ბრენდის საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების პატივისცემით, ისე ინდივიდუალიზმითა და უნიკალური ხელწერით ქმნის. დღესდღეობით მის კამპანიებში ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ, ჯონათან ანდერსონის Loewe კი მსოფლიოში სახელგანთქმული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია. 

ჯონათან ანდერსონის წარმატება ყოველწლიურად იზრდება, გასულ წელს იგი ამერიკის დიზაინერთა საბჭოს მიერ წლის საერთაშორისო დიზაინერად დასახელდა. თავად ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად კი ბრენდის მიერ ამბის თხრობას მიიჩნევს, სამოსითა თუ აქსესუარით ურთიერთობს ადამიანებთან და მათ მის შექმნილ სამყაროში ამოგზაურებს.



ფოტოს წყარო: Vogue, JW Anderson, Loewe, WWD