დაიან ფონ ფურშტენბერგი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია, რომელიც 13 წლის განმავლობაში იყო CFDA-ის - ამერიკული მოდის საბჭოს პრეზიდენტი. ამ დროის განმავლობაში მან საბჭოს წევრების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა, დააარსა თავისი ფონდი და მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან კამპანიებს. ფურშტენბერგმა თავდაპირველად პოპულარობა მისი ხელწერით შექმნილი სახასიათო კაბის დიზაინით მოიპოვა, რომლის დებიუტი 1974 წელს შედგა და მას შემდეგ თავისი საქმიანობითა და ხედვით არაერთი ქალის შთაგონების წყარო გახდა. 

ბელგიაში დაბადებული ფურშტენბერგი ჟენევის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1969 წელს კი, როდესაც პრინც ეგონ ზუ ფურშტენბერგზე დაქორწინდა, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მან მალევე აღმოაჩინა ინტერესი მოდის ინდუსტრიაში დიზაინის სექტორის მიმართ და თავდაპირველად მაისურები, პერანგები და კაბები შექმნა, რომლებიც ამერიკაში ცნობილ რედაქტორებსა და პოტენციურ მყიდველებს გააცნო. 

1972 წელს დაიანა განქორწინდა. ამავე პერიოდში კი იგი Vogue-ის რედაქტორს - დიანა ვრილანდს შეხვდა, რომელსაც ძალიან მოეწონა ფურშტენბერგის შექმნილი დიზაინი და მას შემდეგ ახალბედა დიზაინერის სახელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გახმიანდა. ასე დაიწყო ბრენდის წარმატების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 

მალევე შეიქმნა დღეს უკვე საკულტო ნამუშევრად ცნობილი Wrap Dress - კაბა, რომელიც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის კოლექციაში შედის. გამოშვებიდან ყოველ კვირას თითქმის 25000 კაბა იყიდებოდა და 1976 წლისთვის გაყიდვების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. წარმატებული კაბის შემდეგ, დიზაინერმა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი და პირველი სუნამო - "ტატიანა" გამოუშვა, რომელიც მისი ქალიშვილის სახელს ატარებს. 

დიზაინერი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1985 წელს ფრანგულენოვანი გამომცემლობა - Salvy დააარსა. ამ პერიოდში იგი მოდის სამყაროს რამდენიმე წლით ჩამოშორდა, რაც მნიშვნელოვნად აისახა მის ბრენდზე, თუმცა 1997 წელს ფურშტენბერგი დაუბრუნდა თავის ხაზს და ხელახლა გამოუშვა სამოსი, აქსესუარები და კაბები, რომლებიც კვლავ გახდა ბესტსელერი, გახსნა ახალი ბუტიკი ნიუ-იორკში, Meatpack­ing District-ში და გამოაქვეყნა თავისი მემუარები, სახელწოდებით  Diane: A Signature Life, რომელიც მის პირად ცხოვრებასა და საქმიან მოგონებებზე გვიყვება. 

2001 წელს ფურშტენბერგი Paramount Pictures-ის აღმასრულებელ დირექტორზე - ბარი დილერზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც Diller-von-Furstenberg Family Foundation - საოჯახო ფონდი დააარსა. ორგანიზაციამ 30 მილიონ დოლარზე მეტით დააფინანსა ფილანთროპული სფეროები, გრანტები გადასცა ქალებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაზე.

დაიან ფონ ფურშტენბერგი ამერიკული მოდის საბჭოს პრეზიდენტად 2006 წელს დაინიშნა და 2019 წლამდე ამ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. 2020 წელს მან საპატიო ლეგიონის წოდება მიიღო. მისი სახელობის ბრენდის, Diane von Furstenberg (DvF)-ის კოლექციები იყიდება 70-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიის შტაბ-ბინა კი მანჰეტენზე, Meatpacking District-ში მდებარეობს. 

დიზაინერმა გამოსცა არაერთი წიგნი და მემუარები, ჰქონდა თავისი რეალითი-შოუ და ატარებს სემინარებს. იგი ღიად საუბრობს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, შემოქმედებასა და კარიერაზე. მთელი კარიერის განმავლობაში ფურშტენბერგი მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას და ბევრი მათგანის ინსპირაციის წყარო ხდება. მას დღესდღეობით მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და წოდება, ინოვაციური და უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მოდის ინდუსტრიაში.