თიბისი კონცეპტის სივრცეში ცოტა ხნის წინ ხელოვან ქეთი კაპანაძის გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „საწამლავი წყვილისთვის“, სადაც ფოტოგრაფიულ და გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია 2010 წელს შესრულებული ფერწერული ტილო სერიიდან „აკაშას ქრონიკები“. გამოფენის სათაური ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს ეფუძნება, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული და აერთიანებს ქეთი კაპანაძის შემოქმედების იმ სერიებს, რომლებიც საქართველოში პირველად თიბისი კონცეპტის სივრცეშია გამოფენილი.
ქეთი, მოგვიყევით, რა ნამუშევრებია წარმოდგენილი გამოფენაზე „საწამლავი წყვილისთვის“ და კონცეფციურად როგორ აერთიანებს გამოფენის სახელწოდება ექსპოზიციას?
გამოფენაზე წარმოდგენილია 1983 წლიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც იწყება გრაფიკით და გრძელდება ალუმინის, ფოტოგრაფიული და ფერწერული ნამუშევრებით. თითოეული მედიუმისთვის სხვადასხვა ტექნიკა მაქვს გამოყენებული, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი უფრო ახლოს იდგა იდეის გადმოცემასთან. ფოტოსერიები და ალუმინში შესრულებული ნამუშევრები 1990-იანი წლებიდან დავიწყე, ფოტოებში პირადი საგნებია ასახული, სადაც არ ჩანს ადამიანი, მაგრამ ჩანს სამყარო მის გარშემო.
ალუმინის ნამუშევრებიც, რომლებიც იმ პერიოდში შევქმენი, იყო კონკრეტული სიტყვები და სიმბოლოები ე.წ. Readymade, რადგან ისინი ჩემთვის ისეთივე ობიექტებია, როგორც რადიო, ფეხსაცმელი, ნათურა, გლობუსი თუ სხვა საგანი, იმის მსგავსად, რაც ფოტოებშია ხდებოდა. 2004-2005 წლამდე შესრულებულ გრაფიკები ფაქტობრივად ტილოზე შესრულებული ნამუშევრების დედანია, ისინი თითქოსდა სივრცეში არიან გაფანტული, რაღაცა კომპოზიციის გარეშე, ისევე როგორც ჩემს თავში იყვნენ, სანამ ტილოზე ისევ ერთად მოვუყრიდი თავს… ერთ-ერთ სერიას აკაშას ქრონიკა ჰქვია, სანსკრიტზე ნიშნავს იმას, "სადაც ინფორმაცია არის შენახული". შეიძლება ითქვას, სამყაროს სუპერკომპიუტერია, სადაც ყველა ინფორმაცია გროვდება. ეს სათაური ერთი თემითაა გაერთიანებული, რომ არ არსებობს დრო და სივრცე, უბრალოდ მთელი ეს ინფორმაცია რაღაც განზომილებაშია კონტექსტის და ისტორიული თანმიმდევრობის გარეშე, სადაც ყველაფერი ერთდროულად არსებობს. რაც შეეხება გამოფენის სახელს, შთაგონებულია ერთ-ერთი ფოტოს სათაურიდან: „საწამლავი წყვილისთვის“ და არა მარტო პერსონალურ ისტორიაზე მიანიშნებს არამედ თვითონ დისტანციაზე ჩემსა და ნამუშევარს შორის, დისტანციაზე, რომელიც უნდა არსებობდეს ჩვენსა და იმას შორის, რასაც ვაკეთებთ. რადგან რეალურად, ყველაფერი ჩვენ გარშემო ჩვენს გარემომცველ საგნებზეა აგებული, ჩვენი ნაწილია ან ჩვენ ვართ ამ ყველაფრის ნაწილი. იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტული თემა განმეზოგადებინა და აბსტრაქტულზე გადავსულიყავი, ასეთ სათაურებს და ისტორიებს ვიყენებ-ხოლმე.
ზოგადად, რა გიკარნახებთ იმას, იდეა როგორ გამოხატოთ კონკრეტული მედიუმის, ფოტოგრაფიის, გრაფიკის ან ალუმინში შესრულებული სიტყვების სახით?
როგორც ხელოვანს და როგორც ადამიანსაც მაინტერესებს, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და სად მივდივარ... ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემს თავში მხოლოდ ასეთი კითხვები იბადება. ზოგადად მგონია, რომ ენა ზოგჯერ ძალიან ღარიბია და მკაფიოდ ვერ გამოხატავს სათქმელს. უმეტესად მუშაობას ჩანახატით ვიწყებ - ეს შეიძლება იყოს გრაფიკულად გამოხატული სიტყვების კომპოზიცია ან ფიგურა. ამიტომ ყოველთვის არამარტო შინაარსიდან, სიტყვის ხასიათიდანაც გამომდინარეობს ფორმა. ეს არ არის არაფრის ახსნა, არც არაფრის პასუხი, არც ლიტერატურაა და აღარც მხოლოდ სიტყვებია. ხშირად ფსევდომეცნიერული აზრია ან მოლეკულების სტრუქტურაა, ისინი თითქოს რაღაცაზე მიანიშნებენ… ამიტომ იმ მასალას ვიყენებ, რაც პირველი, გაამძაფრებს იდეას, რომ ყველაფერი მოცემულია და მეორე, რომ ყველაფერს თავისი მატერიალური სხეული გააჩნია.
ხშირად იყენებთ სიტყვებს და რიცხვებს თქვენს შემოქმედებაში, ეს უნივერსალური ენა უფრო მეტ მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას ხომ არ ატარებს თქვენს საგამოფენო სივრცეში, ვიდრე ყოველდღიურ, ყოფით ცხოვრებაში?
ალბათ ამის პასუხი სხვადასხვა შრეზე შეიძლება განვიხილოთ. როგორც აღვნიშნე, პირველადი საკითხია მათი არსებობა, როგორც ჩვენი სამგანზომილებიანი სამყაროს ატრიბუტის, რომელიც საკმაოდ მწირია. რაც შეეხება აღქმას, ამის საშუალება ყოველთვის გაქვს, გინდა თუ არ გინდა, წაიკითხავ, დაინახავ და იფიქრებ იმაზე, რისი თქმაც მე მინდოდა, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით შეიძლება კიდევ უფრო მეტი პროცესები გაიაროს ყოველი ინდივიდუუმისთვის. რაც შეიძლება ხელოვნების მისიაცაა.
შავი ფერის სიმბოლიზმიც მრავლად არის თქვენს ნამუშევრებში, რას გამოხატავს თქვენთვის ეს შავი სიბრტყეები?
თავიდანვე შავი და თეთრი ფერით დავიწყე მუშაობა, შავ ფერში ჩემთვის შედის ყველა ფერი, უბრალოდ გამოვლენილი არ არის. თეთრი ფერი კი ინფორმაციის ის ნაწილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. 1983 წელს, როდესაც ამ ნამუშევრებზე დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, ამაზე არ მიფიქრია, არც “აკაშაზე” მიფიქრია და არც თეორიულ ფიზიკაზე, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თეორიულ ფიზიკაშიც დღეს სწორედ ამ შავ მატერიაზეა საუბარი, რომელიც ყველგან და ყველაფერში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს თეორიული ფიზიკა, ის, რასაც ვაკეთებ, არ არის ამის ილუსტრაცია, რადგანაც მე ყოველთვის ჯერ ნამუშევრებს ვქმნიდი და მათგან გამომდინარე, იხვეწება მერე ეს კითხვები, და არა პირიქით.
ფოტოგრაფიას იყენებთ, მაგრამ არა სიზუსტისთვის, პირიქით, ზოგჯერ გამოსახულების ხარისხი უკანა პლანზეა გადაწეული, მაშინ რატომ არის ასახვის ეს ფორმა თქვენთვის საჭირო ან საინტერესო?
ფოტოგრაფია საკუთარი ცხოვრების გვერდიდან შეხედვის საშუალებას იძლევა და ასევე რაღაც ახალ რეალობას ქმნის, რომელიც აქამდე უხილავი იყო. ის ხშირად უხარისხოა, აქვს ნაკაწრები, რადგან ეს მაძლევს დროის თემაზე საუბრის საშუალებას, დროის იმ ფენების, რომელთა შორისაც ჩვენი ყოფის აბსურდი აისახება. ფოტოგრაფია თავიდან პირადული საგნების ასახვით დავიწყე, რომელიც ერთდროულად ტოტალურად განყენებულიცაა და თან თითქოსდა ინტიმურ ისტორიებს გიყვება, რომელიც შენი ისტორია შეიძლება იყოს.
ხშირად მოგიხსენიებენ როგორც ფემინისტ ხელოვანს, თქვენ რამდენად აიგივებთ საკუთარ თავს ამ ტერმინთან. ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის გენდერის და ეროვნულობის გამოხატვას ნამუშევრებში?
ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, როგორები იყვნენ ბავშვობაში, მე როგორც ხელოვანი, ვცდილობ გავიხსენო, თუ როგორი ვიყავი და რა მაინტერესებდა ბავშვობაში, თუ როგორი უცნაური იყო სამყარო, თუ რა კითხვები მქონდა საკუთარ თავთან და გარემოსთან. მაშინ არ ვიცოდი, ქალი ვიყავი თუ კაცი, იმ ასაკში არ არსებობდა ჩემთვის არც გენდერი, არც ეროვნება, არც რელიგია. ყოველი მოძრაობა, რაც პროპაგანდის ფორმას იღებს, წინააღმდეგობას იწვევს ჩემში. ამიტომ ტერმინი ფემინიზმი მგონია, რომ ზღუდავს უფრო მეტს, ვიდრე ათავისუფლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლება ყველაზე მთავარი იყო ჩემთვის, რაშიც, ვფიქრობ, ქართულმა ენამ გაუცნობიერებლად დიდი როლი ითამაშა, თუ დავუკვირდებით, ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად ქართულ ენაში ჩანს. თვითონ ენა გვზრდის თავისუფალ ადამიანებად, სადაც არ არსებობს არც მდედრობითი და არც მამრობითი ფორმა, სქესის აღმნიშვნელი წინსართები თუ ბოლოსართები, თუ რას ესმის კითხვა რა და არა ვინ.
როგორც თქვით, ნამუშევრების უმეტესობა 1980-იან წლებშია შესრულებული, რატომ გახდა თქვენთვის ამ ნამუშევრების სწორედ ახლა ჩვენება საჭირო და მნიშვნელოვანი?
უმთავრესი მიზეზი ალბათ ის არის, რომ არასდროს გამომიფენია ეს ნამუშევრები საქართველოში, ისინი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ნანახი, ახალ თაობაში განსაკუთრებით. ამიტომაც, რადგანაც ირინა პოპიაშვილი და მეც ახლახან დავბრუნდით საქართველოში, ვიფიქრეთ, რომ ერთად მუშაობა ძალიან საინტერესო იქნებოდა, რადგან ერთმანეთს 90იანი წლებიდან ვიცნობთ… რეალურად არ არის ბევრი ნამუშევარი წარმოდგენილი, მაგრამ ირინას დამსახურებით ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ინსტალაცია გამოვიდა
ამჟამად რა ეტაპზე ხართ როგორც ხელოვანი და რას გეგმავთ სამომავლოდ?
გალერეა Artbeat-მა ლონდონის Frieze-ზე ჩემი პროექტი გააგზავნა და ძალიან მიხარია, რომ ქართული გალერეა პირველად სწორედ ჩემი ნამუშევრით იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთ ალუმინის ნამუშევართან ერთად რომელიც ამ გამოფენაზეა ნაჩვენები, დაემატება ყვავილების მაგიდებისაგან მოლეკულური შეერთებების მაგვარი დიდი ინსტალაცია. ამას ისიც ემატება, რომ ლონდონში Phaidon-ის გამომცემლობამ თავის Vitamin-ის 2024 სერიაში, რომელიც ხელოვნებაში სიტყვას ეძღვნება, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ხელოვანების ნამუშევართან ერთად ჩემი ნამუშევრებიც შეიტანა წიგნში, რაც ლონდონის ხელოვნების ბაზარზე ჩვენს მაგიდას დაამშვენებს.
ფოტო: გურამ კაპანაძე, ლაშა გიგაური
დაწერე კომენტარი