კლას ოლდენბურგი არის მოქანდაკე, რომელიც ცნობილია ყოველდღიური საგნების ინოვაციური და იუმორისტული რეკონსტრუქციით - როგორც ფართომასშტაბიანი საჯარო ინსტალაციებით, ასევე რბილი მასალებით შექმნილი ობიექტებით. ოლდენბურგს ხშირად უკავშირებენ 1960-იანი წლების პოპ-არტის მოძრაობას და მსგავსად სხვა პოპ-არტისტებისა, მან შთაგონება ჩვეულებრივ სამომხმარებლო ობიექტებში აღმოაჩინა.
მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელმაც ოლდენბურგი ყურადღების ცენტრში მოაქცია, იყო - The Store. მან ვიზიტორებს საშუალება მისცა მის სტუდიაში დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ნამუშევრები. სტუდია სავსე იყო სხვადასხვა საკვებისა და ტექნიკის შეღებილი თაბაშირის ვერსიებით, ხელოვნებისა და კომერციის სიურრეალისტური კომბინაციებით. მას შემდეგ გამოჩნდა ნამუშევრები - Floor Cake და Floor Burger, რბილი ობიექტები, რომლებიც აეწყო ტილოსგან ან ვინილისგან და სავსე იყო ქაფით.
არტისტი თავის შემოქმედებაში იშვიათად ასახავდა ადამიანებს, ამჯობინებდა იმ ობიექტებზე ფოკუსირებას, რომლებიც უკავშირდება ადამიანის სურვილებს. ოლდენბურგმა არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები 1960-იანი წლების მეორე ნახევარში გადადგა, როდესაც მან მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ნამუშევრების ზომები, ყოველდღიური ნივთები, საკვები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფართომასშტაბიან, საჯარო სკულპტურებად აქცია.
ოლდენბურგი სამ ათწლეულზე მეტხანს თანამშრომლობდა თავის მეუღლესთან, კურატორთან და ხელოვნების ისტორიკოსთან, Coosje van Bruggen-თან, რომელთან ერთადაც შექმნა არაერთი საინტერესო და ცნობილი საჯარო ნამუშევარი, მათ შორის - Shuttlecocks - კანზასში, დაახლოებით 14 მეტრი სიმაღლის - Clothespin - ფილადელფიაში, ნაყინის თავდაყირა კონუსი - Ice-cream Cone - კიოლნში, სავაჭრო გალერეის სახურავზე, Spoonbridge and Cherry - მინეაპოლისის სკულპტურულ ბაღში, რომლებიც ახლა ამ ქალაქების საკულტო სიმბოლოდაა ქცეული.
ოლდენბურგის ნამუშევრებს შორის არის მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფართომასშტაბიანი სკულპტურა - Lipstick - ტუჩსაცხი, რომელიც ფორმით ტანკს წააგავს და მორზეს კოლეჯის ეზოში დგას. მისი ნამუშევრები დღესდღეობით წარმოდგენილია უამრავ მუზეუმსა და გალერეაში, მუდმივ კოლექციებში და საჯარო სივრცეებში, იქნება ეს ქუჩა, პარკი თუ სავაჭრო ცენტრი.
ოლდენბურგის სახასიათო ნამუშევრებმა - ფერებით, მასშტაბურობითა და მიმზიდველობით - შემდგომში გავლენა მოახდინა თანამედროვე მოქანდაკეების კარიერაზე, მათ შორის - ჯეფ კუნსსა და დემიენ ჰირსტზე, რომლებიც ასევე მუშაობდნენ ყოველდღიური საგნების მასშტაბებზე, განლაგებასა და ტექსტურაზე.
დაწერე კომენტარი