3-30 მაისს ნიუ-იორკში, High Line Nine Galleries სივრცეში, CH64 Gallery-ის ერთთვიანი ექსპოზიცია, სამი ქართველი ხელოვანის - ნინიკო მორბედაძის, მიშიკო სულაკაურის და გვანცა ჯიშკარიანის ერთობლივი გამოფენა ‘’Where to?’’ მიმდინარეობს. გამოფენა აერთიანებს ნინიკო მორბედაძის ნახატებს, გვანცა ჯიშკარიანის მარმარილოს მოზაიკებს და მიშიკო სულაკაურის ფოლადის ობიექტებს. თითოეული ნამუშევარი თავ-თავისი კონცეფციით სვამს კითხვას - ‘’სად?’’.

ნინიკო მორდებაძე თავისი ნამუშევრებით, სიურრეალისტური ნახატებით მის გარშემო არსებულ სამყაროს, ადამიანებსა და მათ გარემოცვას შორის დინებას ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ 2023 წელს შექმნილი სამი ნამუშევარი - Ephemeral Park Administration, Mysteries და Warm Weather Under the Grey Sky, ტილოზე აკრილითა და მელანით შესრულებული ნახატები.

მიშიკო სულაკაურის ფოლადის ობიექტები საქართველოს არქიტექტურულ ნაკვალევს ეხმიანება და ნამუშევრებს დამახასიათებელი ნიშნებითა და სხვადასხვა სიმბოლოებით წარმოადგენს. გამოფენაზე ხელოვანის სამი ახალი ობიექტია წარმოდგენილი, რომლებიც 2024 წელს შეიქმნა. მიშიკო სულაკაურის ნამუშევრები იკვლევს კულტურულ, მხატვრულ და სოციალურ სტრუქტურებს.

გვანცა ჯიშკარიანის ასევე 2024 წლის ნამუშევრები ბუნებრივი ქვის, მარმარილოს მოზაიკებია პეპლებისა და ფრინველების გამოსახულებებით, რომლებიც ერთდროულად, თან არსად და თან სადღაც მიემართებიან და მიფრინავენ. არტისტი ქვას მცირე ფრაგმენტებად ხელით ამუშავებს, ბუნებრივად მძიმე მასალისგან კი მსუბუქ და ჰაეროვან არსებებს ქმნის.


ფოტოს წყარო: CH64 Gallery