Weather Project არის ოლაფურ ელიასონის მიერ შექმნილი ინსტალაცია, რომელიც ლონდონის Tate Modern გალერეაში  - “ტურბინის ჰოლში” იყო წარმოდგენილი. 2003 წლის ინსტალაცია ხელოვნური ნისლით ქმნის მზის მასიური გამოსახულების ილუზიას, მის შესაქმნელად კი გამოყენებულია წრიული ეკრანი და სარკისებური ჭერი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დარბაზის მოცულობას.

ელიასონი მზეს, ქარს, წვიმას და ზოგადად, ამინდს განიხილავს, როგორც რეალურ გზას ბუნებასთან კავშირის დასამყარებლად. Weather Project არის თანამედროვე სივრცეში შექმნილი პროექტი, რომელიც ქმნის სენსორულ გამოცდილებას და ხაზს უსვამს მაყურებლის და ბუნების ურთიერთქმედებას. 

Weather Project თავისი უნიკალური ეფექტით მაყურებელს ღრუბლებში, მზესთან ახლოს ყოფნის ილუზიას უქმნის, რაც დარბაზში დამონტაჟებულმა დაახლოებით 200-მა მონოქრომულმა ნათურამ უზრუნველყო. სწორედ ამ ნათურების დამონტაჟების შედეგად დარბაზში ყველა სხვა ფერი, გარდა შავისა და ყვითლისა, უხილავი გახდა. დარბაზის ჭერი დაფარული იყო უზარმაზარი სარკით, რომელშიც მნახველებს შეეძლოთ დაენახათ თავი, როგორც პატარა შავი ჩრდილები მზის გამოსახულებს ფონზე. 

ილაფურ ელიასონს გარდა მუზეუმებისა და გალერეებისა, შექმნილი აქვს არაერთი მასიური ინსტალაცია საჯარო სივრცეებში. მისი შემოქმედება ემყარება ისეთ ელემენტებს, როგორიცაა წყალი, ჰაერი, ტემპერატურა და განათება. მისი შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრით, სკულპტურული და ფართომასშტაბიანი ინსტალაციებით არტისტი მაყურებელს უჩვეულო და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.


ფოტოს წყარო: Studio Olafur Eliasson