ლუკა გუადანინოს Challengers-ში, რომელშიც მთავარ როლებს ზენდაია, მაკ ფესტი და ჯოშ ო კონორი ასრულებენ, ჩოგბურთელების ცხოვრება და გმირების პირადი დრამაა გაერთიანებული, სადაც ამბიციები, ურთიერთობები და წარმატების სურვილი მთელი ფილმის განმავლობაში მთავარ კვლევის ობიექტს წარმოადგენს. ფილმი გვიყვება ტაში დუნკანის გმირზე, ჩოგბურთის ყოფილ ვარსკვლავზე და მწვრთნელზე, რომელიც რთულ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება თავის ქმართან, არტ დონალდსონთან და პატრიკ ცვაიგთან ერთად. ფილმის სიუჟეტი გმირების წარსულსა და აწმყოში მონაცვლეობს და მათ პირად რომანტიკულ თუ რთულ პროფესიულ გადაწყვეტილებებსა და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე გვიამბობს.
ზენდაიას მიერ განსახიერებული ტაში თავდაჯერებული და თან სირთულეებით სავსე გმირის სახეს გვიხატავს, რომელსაც ჩოგბურთთან დაკავშირებით დიდი ამბიციები აქვს, თუმცა ეს საქმე მისთვის, ერთდროულად, როგორც უდიდესი მამოტივირებელი ძალა, ისე ტანჯვის მიზეზია. ფილმის მთავარი ხაზი ტაშისა და არტის ურთიერთობას მიჰყვება, რომელიც მუდამ საკუთარი თავის ძიებაში და პარტნიორთან პროფესიულ კონკურენციაშია, თუმცა სიყვარულის შესანარჩუნებლად ბევრჯერ უწევს მსხვერპლის გაღებაც. სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი ისაა, რაზეც გუადანინო ფილმში ყველაზე მეტად ამახვილებს ყურადღებას, ჩოგბურთსა და ერთმანეთზე შეყვარებულ გმირებს მათი ურთიერთობებისთვისაც და კარიერისთვისაც მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, რომელიც საბოლოოდ მთელ მათ ცხოვრებას განსაზღვრავს.
რაც შეეხება ჯოშ ო კონორის გმირს, პატრიკი ჩოგბურთის ნიჭიერი მოთამაშეა, თუმცა განუხორციელებელი პოტენციალითა და მიზნებით, რომლის სახის მთავარი დანიშნულება ტაშის და არტის ღრმა, დაფარული სურვილებისა და შიშების ზედაპირზე ამოტანაა. ეს შეჯიბრი კი, რომელშიც სამივე გმირია ჩართული, ზოგჯერ დაუნდობელი, ზოგჯერ კი ძალიან ადამიანურია, სადაც პიროვნების ყველა ღირსება და ამბიციებით გამოწვეული ყველა მანკიერი მხარე მაყურებლის თვალწინ იშლება.
მაყურებელს ბევრის გაგება შეუძლია თავად სპორტის ამ სახეობის შესახებაც - კინოში, ხელოვნებასა თუ მოდაში ჩოგბურთის ესთეტიკა არაერთ ხელოვანს, რეჟისორს და დიზაინერს გამოუყენებია, თუმცა გუადანინოს ფილმი, რომელიც, როგორც ზენდაიამ აღნიშნა, მაინცდამაინც ჩოგბურთზე არ არის, მის სირთულეებსა და გამოწვევებზეც გვიყვება. რეჟისორს ჩოგბურთის მატჩებიც ისე აქვს გადაღებული, რომ მაყურებელს კორტებზე დასწრების შთაბეჭდილება ექმნება, თავად ფილმის მკვეთრი ფერები და ესთეტიკა კი არა სპორტის ამ სახეობის ვიზუალურ მხარეზე, არამედ მის უხილავ ასპექტზე, ფიზიკურად რთულად შესასრულებელ მოძრაობებზე და დაძაბულ გარემოზე გვიყვება, რომელიც ერთდროულად უხეშიც არის და ელეგანტურიც.
ამ ემოციურ დაძაბულობას და ჩოგბურთის მატჩების დრამატულობას კიდევ უფრო ამძაფრებს მუსიკა, რომელიც ფილმში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კლასიკური და თანამედროვე ჟღერადობის მიქსით რეჟისორი სწორედ ელეგანტურობის და სიხისტის გამოხატვას და გამძაფრებას ცდილობს, რაც Trent Reznor-ისა და Atticus Ross-ის მრავალფეროვანი ელექტრონული საუნდტრეკებით არის მიღწეული.
დაწერე კომენტარი