უნიკალური და გამორჩეული ხელწერის მქონე იაპონელი არტისტის - იაიოი კუსამას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნამუშევართა სერია - Infinity Mirror Rooms, უსასრულობის სარკეები, რომელთა შექმნა არტისტმა 1965 წელს დაიწყო. კუსამამ 20-ზე მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული “უსასრულობის სარკე” შექმნა, რომელთა დამახასიათებელი ნიშანი - უსასრულო სივრცეებში გადასავლის და მოგზაურობის ილუზიაა. გარდა გამორჩეული ვიზუალური მხარისა, სარკეები ეხება და შეისწავლის სხვადასხვა ცხოვრებისეულ და მნიშვნელოვან თემას. 


პირველი ნამუშევარი სარკეების სერიიდან 1965 წელს შეიქმნა და Phalli's Field ეწოდა, რომელიც თავისი გამორჩეული ეფექტითა და მონაწილეობის შეგრძნებით ძალიან პოპულარული გახდა და კუსამას საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა. ნამუშევარი თავდაპირველად Castellane Gallery-ში იყო წარმოდგენილი. Phalli's Field-ის შექმნიდან ერთ წელიწადში კუსამამ მეორე სკულპტურული, არქიტექტურული და პერფორმაციული სარკის ნამუშევარი - Love Forever წარადგინა, რომელიც სამოქალაქო უფლებების, სექსუალური თავისუფლების, ომის შემდგომი წლების მოძრაობისა და 1960-იანელი აქტივისტების ჯგუფებს მიეძღვნა. 


სარკეების გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა - The Souls of Millions of Light Years Away, ოთახი, რომელიც ათასობით რიტმული განათებით აჩერებს დროს და ქმნის გალაქტიკის შთამბეჭდავ ეფექტს, უსასრულობაში ყოფნის განცდით.  უამრავი ნათურა ისეა დამონტაჟებული, რომ კაშკაშა ვარსკვლავებს ემსგავსება და ადამიანებს სხვა სამყაროში ამოგზაურებს. ულამაზეს სანახაობას ქმნის 2009 წლის ნამუშევარი - Aftermath of Obliteration of Eternity, რომელიც სავსეა ოქროსფრად მანათობელი ფარნებით, ნამუშევრის შთაგონების წყარო კარგად ნაცნობი იაპონური ტრადიცია და ის ფესტივალი გახდა, რომლის დროსაც იაპონელები ანთებულ ფარნებს ცაში უშვებენ. 


All the Eternal Love I Have for the Pumpkins - ნამუშევარი თავისი სახელწოდებითაც კუსამას გოგრისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს აღნიშნავს, რომელიც არტისტის ღრმა ბავშვობიდან მოდის. კუსამას ოჯახი გოგრის თესლის დამუშავებასა და გაყიდვაზე მუშაობდა, ბავშვობაში ფერმაში ბაბუასთან ერთად სეირნობისას მან პირველად შენიშნა გოგრის უჩვეულო ფორმის და დიდი ზომის ნაყოფი, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გოგრის გამოსახულებები კუსამას ნამუშევრებში 1940-იანი წლებიდან გამოჩნდა - დაწყებული ნახატებიდან, დასრულებული ინსტალაციებითა და ქანდაკებებით. Infinity Mirrored Room-ის სერიიდან გოგრის ნამუშევარი 1991 წელს შეიქმნა და კუსამამ მასში თავისი ბავშვობის წლების სიყვარული და ფანტაზიები ჩააქსოვა. 


კუსამას შემოქმედებაში ასევე ხშირად შენიშნავთ წერტილოვანი გამოსახულებების მიმართ ინტერესს, რასაც უსასრულო სარკეების სერიის ნამუშევრები - The Obliteration Room და Love Transformed Into Dots მოწმობს. უამრავი ფერადი თუ შავი წერტილით კუსამა თავის უნიკალურ ხედვას გამოხატავს და დამთვალიერებლებს თავის კოპლებიან სამყაროში ამოგზაურებს, რომელსაც არტისტისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.