არისტოკრატული გარემო, ნეოკლასიკური არქიტექტურა, ტერასული ბაღები და უნიკალური ბუნება - ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც კომოს ტბაზე მდებარე Villa del Balbianello-ს გამორჩეულ და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად აქცევს. როგორც ტბაზე მდებარე ბევრ ნაგებობას, ისე Villa del Balbianello-ს მრავალწლიანი ისტორია აქვს, ის 1780-იან წლებში აშენდა, როგორც მონასტერი და ათწლეულების განმავლობაში იქცა გამორჩეულ ვილად. 

Villa del Balbianello-ს ინტერიერი ინგლისური და ფრანგული ავეჯითაა გაფორმებული, რომლებიც მე-17 და მე-18 საუკუნეებით თარიღდება და ყოფილი მფლობელების ღირებულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ვილას ბოლო მფლობელი იტალიელი გრაფი - გიდო მონზინო იყო, რომელმაც ვილა 70-იან წლებში თავისი გემოვნებით განაახლა. 

ვილაში შესაძლებელია გრაფის მიერ ექსპედიციებში შეგროვებული ასობით ნამუშევრის, ასევე საუკუნოვანი ნახატების, ქანდაკებებისა და არტეფაქტების დათვალიერება. იქვე განთავსებულია ბიბლიოთეკაც, რომელიც დაახლოებით 4000-მდე წიგნს ინახავს. 

დახვეწილი არქიტექტურის ნაგებობა გარშემორტყმულია ბაღებით და იქედან ულამაზესი ხედები იშლება კომოს ტბის დასავლეთ სანაპიროზე, კუნძულ Isola Comacina-სა და მიმდებარე მთებზე. Villa del Balbianello-ზე გადაღებულია რამდენიმე ცნობილი ფილმის ეპიზოდი, მათ შორის - "ვარსკვლავური ომები: კლონების თავდასხმა", "კაზინო როიალი" და “A Month at the Lake".

დღესდღეობით Villa del Balbianello იტალიის გარემოსდაცვითი ფონდის ნაწილია, ბაღების და ვილის ინტერიერის მონახულება კონკრეტულ საათებშია შესაძლებელი და ყოველდღიურად იქ არაერთი ტური იმართება. გარდა იმისა, რომ ვილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, Villa del Balbianello-ში შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის - ქორწილების და წვეულებების.


ფოტოს წყარო: Villa del Balbianello