ანდრო ვეკუა, რომლის ნამუშევრებსაც მუდმივად ახასიათებს დახვეწილი ინსცენირება და რეალობის, ოცნებებისა და ფანტაზიის იდეალური შერწყმა, ნამუშევარში Strangers in Paradise უბრუნდება წარსულის ნოსტალგიურ მოგონებებს, სოხუმში, შავი ზღვისპირეთში გატარებულ ბავშვობის წლებს და საგამოფენო სივრცეში ამ ყველაფერს მისტიკური ფიგურის, დელფინისა და წყალმცენარის სახით აცოცხლებს. დაიბადა სოხუმში 1977 წელს, თუმცა აფხაზეთის ომის შემდეგ სოხუმის დატოვება მოუწია, შემდგომ კი თბილისიდან საცხოვრებლად ჯერ შვეიცარიაში, მერე კი ბერლინში გადავიდა. ნოსტალგია და სუბტროპიკულ აფხაზეთთან დაკავშირებული ფესვები მის შემოქმედებაში ხშირად პოულობს გამოვლინებას, არაერთხელ შეხვდებით ანდროს ნამუშევრებში იდენტობის, სახლის თუ მშობლიური ქალაქის თემის ირგვლივ შექმნილ ნამუშევრებს, თუმცა ეს იდეები და კონცეფციები არასდროს არის მისი ბიოგრაფიის რეტროსპექტიული წყობა ან მომხდარი მოვლენების ზუსტი ინსცენირება. მისი ცხოვრების ისეთი ეპიზოდები, როგორებიცაა, დაბადების ადგილი, სამშობლოსგან შორს ყოფნა, სოხუმის სახლი, მამის დაკარგვა თუ სხვა, შერეულ მედიუმებში, ინსტალაციებში, სკულპტურებში, ფერწერულ ნამუშევრებში და არქიტექტურულ მოდელებში ჩანს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან და რომლებსაც ფონად ზოგჯერ რეალური დოკუმენტური მასალები და ფოტოსურათები გასდევს.თუმცა მისი მთავარი დასაყრდენი მასალა არა ხელშესახები დოკუმენტები, არამედ მეხსიერება და პირად შეგრძნებებსა და მოგონებებზე დაფუძნებული ემოციებია, რომლებიც რეკონსტრუირებული ფორმით და სივრცეში ადამიანური ფიგურებით ვლინდება. მისი შთაგონების წყარო ხშირად არის ზღაპრები, იაპონური მანგა თუ ანიმე, ისეთი, როგორიც „პრინცესა მონონოკე“ ან Studio Ghibli-ის სხვა ანიმეებია. Strangers in Paradise, რომელიც Europalia-ს ფარგლებში, Art & History Museum-ში 2023 წელს იყო წარმოდგენილი, სწორედ თეატრალურ პოზაში ანიმესეულ ფიგურას, ზღვის წყალმცენარეს და დელფინს წარმოადგენს, რომლებიც ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კონცეფციურად შავ ზღვას და აფხაზეთთან დაკავშირებულ მოგონებებსა და შეგრძნებებს გამოხატავს.
თუმცა ეს ნამუშევარიც, ისევე როგორც მთელი მისი შემოქმედება, დამთვალიერებელს ამ მინიშნებების მიღმა, ინტერპრეტაციისა და ფიქრისთვის დიდ სივრცეს უტოვებს, რადგან როგორც თავად ამბობს, ნამუშევრის დასრულების შემდეგ, როგორც კი ის საგამოფენო სივრცეში ხვდება, იქ მთავრდება მათი ინტიმური ურთიერთობა, ნამუშევარი კი სივრცეში სრულიად ახალ, ავტონომიურ ცხოვრებას იწყებს.
წყარო: Art & History Museum
დაწერე კომენტარი