კინოპრემია “ელისო” ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომლის დაჯილდოება 14 ივნისს გურჯაანში მდებარე ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. გამარჯვებულები  ქართულ კინოში გამორჩეული ნამუშევრებისთვის სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. ნატო ვაჩნაძის ფონდი კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. "ელისოს” გენერალური პარტნიორია თიბისი ბანკი, მთავარი მხარდამჭერები კი კოკა-კოლა, თეგეტა, თეგეტა ქარსი, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება. ფონდის და კინოპრემიის შესახებ ვრცლად მოგვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნატო ვაჩნაძის შვილთაშვილი - ნატალია ჯუღელი. 

IMG_8939.jpeg 57.85 KB
ნატალია, მოგვიყევით, საიდან და როგორ გაჩნდა იდეა დაგეარსებინათ ნატო ვაჩნაძის ფონდი და კინოპრემია "ელისო"?


ნატო ვაჩნაძის ფონდის იდეა წლების განმავლობაში გვქონდა, რადგან მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თითქოს ბუნებრივად გაჩნდა იმპულსი ნატოს სახელით რაღაც სასარგებლო გვეკეთებინა. ნატო ვაჩნაძის 120 წელი ახლოვდებოდა და ჩვენც იდეების განხორციელებას შევუდექით. პრემიის იდეა ალბათ გურჯაანის სახალხო დღესასწაულის ტრადიციამ გააჩინა - ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში 14 ივნისს ''ნატოობას'' უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავენ და ახალი თაობის კინემატოგრაფისტების იქ ჩაყვანაზე რომ დავიწყეთ ფიქრი, მივხვდით, რომ სწორედ კინო დაჯილდოებაა ისეთი ღონისძიება, რომელიც მაყურებელს და პროფესიონალებს გააერთიანებდა. თანაც, მოქმედი პროფესიული კინოპრემია ქვეყანაში არ არის და ძალიან ბუნებრივად გაჩნდა ეს ხაზი ფონდის საქმიანობაში.

IMG_8940.jpeg 393.88 KB
რა მნიშვნელობას აქვს და რა არის კინოპრემიის მთავარი მიზანი?


პრემია ნებისმიერი დარგის და სფეროს მუშაობის ნაწილია. სტიმული და დაფასება ყველა ხელოვანს სჭირდება, ამას გარდა პრემიამ შეიძლება განსაზღვროს  შემოქმედებითი კლიმატი და გამოამჟღავნოს სხვადასხვა ტენდენციები, ხელოვანებს გაუხსნას კარი სამომავლო აქტივობებში, დაეხმაროს ფინანსურად და სხვა. პრემია საბა ლიტერატურაში ან ცნობილი უცხოური კინოპრემიები ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რამხელა სისტემად შეიძლება გადაიქცეს დაჯილდოება. 

IMG_8941.jpeg 301.54 KB
მოგვიყევით კინოპრემიის სახელწოდების შესახებ, რატომ "ელისო"?


სახელწოდებაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ნატო ვაჩნაძის ფონდი რა სახელწოდების პრემიას უნდა აწესებდეს… ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე სხვა მიმართულება გვქონდა, ქალთა გაძლიერების ხაზი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერ სფეროში გვინდოდა გაცემულიყო. მოხარული ვარ, რომ ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ნატო ვაჩნაძის პრემიის პირველი ლაურეატი ქალბატონი მზექალა შანიძე გახდა. ასეთი ქალების დაჯილდოებით, იმედი გვაქვს სტიმულს მივცემთ ახალგაზრდა გოგონებს. დავუბრუნდეთ კინოპრემიას, ნატო ვაჩნაძის გმირების სახელები არ გამოვიდოდა, რადგან სულ ჩაგრულ ქალებს განასახიერებდა და თვითონაც არ უყვარდა, კინოსთან დაკავშირებული სახელწოდებები ქართულად ცოტა უხერხულად ჟღერდა. ელდარს შევთავაზე, იქნებ პრემიას ელისო უნდა ერქვას მეთქი და მაშინვე დამეთანხმა, ეს ფილმი ყველაფერს აერთიანებს და უკეთესს ვერ მოიფიქრებო, თანაც ფილმის მთავარი  გმირი - მტკიცე ქალი, იდეოლოგია თუ სტილისტიკა უძლებს დროს და სულ სხვადასხვა კონტექსტში გვახსენდება ხოლმე, ამიტომ დიდ სურათს რომ შევხედეთ, ისიც კი მოგვეწონა, რომ ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტი მის ქმარს და დას ეძღვნებოდა. 

IMG_8942.jpeg 167.43 KB
მოგვიყევით წლევანდელი, სადებიუტო კინოპრემიის ნომინანტების და გამარჯვებულების შესახებ...


საუკეთესო მსახიობად ჟიურიმ ეკა ჩავლეიშვილი დაასახელა, “ელისო” საუკეთესო რეჟისორისთვის ელენე ნავერიანს გადაეცა, ხოლო საუკეთესო ოპერატორის ჯილდო ლომერ ახვლედიანს ერგო. ჟიურისთვის ლიმიტირებული ნომინაციები საკმარისი არ აღმოჩნდა და სპეციალური აღნიშვნებიც დაგვიმატეს: საუკეთესო ახალბედა მსახიობები - ნინა ერაძე და ანი მოგელაძე, საუკეთესო მონტაჟი - “ავტოპორტრეტი ზღვარზე”, საუკეთესო დოკუმენტური თხრობა - “ჯადოსნური მთა” და საუკეთესო ანსამბლი - “ღიმილიანი საქართველო”.

IMG_8943.jpeg 268.3 KB
როგორ დაკომპლექტდა ჟიური, ვინ გამოავლინა წლევანდელი გამარჯვებულები?


ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭომ შეარჩია 5 კინოპროფესიონალისგან შემდგარი ჟიური.  შემოსული ფილმებიდან ჟიურიმ გამოავლინა ნომინანტები და გამარჯვებულები. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა: დიქსი ჩესი - კასტინგის რეჟისორი, ბაბაკ ჯალალი - რეჟისორი და სცენარისტი, თაკი მუმლაძე - მსახიობი და სცენარისტი, ნინო ორჯონიკიძე - რეჟისორი და პროდიუსერი, ტატო კოტეტიშვილი -  რეჟისორი და ოპერატორი.

IMG_8944.jpeg 668.02 KB
დაჯილდოება გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა, რამდენად მნიშვნელოვანია ფონდისთვის ეს რეტროსპექტივა და ისტორიული კონტექსტი?


მგონია, სწორედ გურჯაანმა გახადა ჩვენი დაჯილდოება ჯადოსნური, თბილისის რომელიმე დარბაზში ამ ღონისძიების ჩატარება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. აუცილებელია დეცენტრალიზაცია და არსებული ისტორიული ინსტიტუციების ათვისება, იმხელა ისტორიას და ენერგიას ინახავს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, ამ სივრცის თანამედროვეობასთან შერწყმა აუცილებლად მოიტანს სასარგებლო შედეგს როგორც რეგიონისთვის, ისე ზოგადად, ქართული კულტურული კონტექსტისთვის და თავისთავად კინემატოგრაფიისთვის.

IMG_8945.jpeg 592.72 KB
როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ფონდის პრემია ქართული კინემატოგრაფიის განვითარების პროცესზე?


ამაზე საუბარი ჯერ ადრე მგონია, რადგან ჩვენ გვინდა, რომ “ელისოს” სრული სახე მომდევნო წლებში მივცეთ, მაგრამ უკუკავშირს თუ ყურს დავუგდებ, მგონია, “ელისომ” კიდევ დიდხანს უნდა გაახაროს კინემატოგრაფისტები.