Yves Saint Laurent-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ანტონი ვაკარელომ მამაკაცის ახალი, საშემოდგომო კამპანია წარადგინა, რომლის ფოტოსურათები და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბრიტანელმა ფოტოგრაფმა გლენ ლუჩფორდმა გადაიღო.
გასული საუკუნეების მხატვრობით შთაგონებული კამპანია გამოხატავს პატივისცემას ისეთი მხატვრების შემოქმედების მიმართ, როგორებიც არიან მიქელანჯელო, კარავაჯო და ედუარდ მანე. ახალი კამპანიის ფოტოსურათები იმ ესთეტიკას მოგვაგონებს, რომელიც, მაგალითად, მანეს 1863 წლის შედევრებს - "Le Déjeuner sur l'herbe"-სა და "ოლიმპიას" აქვს.
კამპანიაში მამაკაცის შიშველი ფიგურების ფონზე ახალ კოლექციას ვხვდებით, რომელიც ძირითადად პერანგებს, პიჯაკებს, კოსტიუმებსა და შარვლებს წარმოადგენს. ასევე, კამპანიაში რამდენიმე მოდელი ქალიც მონაწილეობს, რომელთაც Yves Saint Laurent-ის 2024 წლის შემოდგომის კოლექციის სამოსი აცვიათ.
ცნობილ ნახატებზე მინიშნებები ეხმიანება მოდის სახლის დამფუძნებლის, ივ სენ ლორანის ხელოვნებისადმი სიყვარულს. გარდა მხატვრებისა, კამპანია ასევე შთაგონებულია მე-20 საუკუნის გავლენიანი რეჟისორების - ლუკინო ვისკონტისა და პიერ პაოლო პაზოლინის ნამუშევრებით.
ფოტოს წყარო: Yves Saint Laurent
დაწერე კომენტარი