ცნობილი მსახიობი, ფრანგული კინოს ვარსკვლავი - ანუკ ემე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან კინოკარიერა 40-იან წლებში დაიწყო, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ ფილმში და დაჯილდოვდა არაერთ ნომინაციაში. ანუკ ემეს კარიერის და შემოქმედების მთავარ ფილმად კლოდ ლელუშის 1966 წლის რომანტიკული დრამა -„ქალი და მამაკაცი“ ითვლება, რომლითაც მსახიობი მსოფლიოში სახელგანთქმული, მრავალი ქალის შთაგონების წყარო და სტილის სიმბოლო გახდა.
ფილმში ანუკ ემე ან გოტიეს როლს თამაშობს, ხოლო მისი პარტნიორი ჟან-ლუი ტრენტინიანი ავტომრბოლელის - ჟან-ლუი დიუროკს განსახიერებს. ფილმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოსკარი და პალმის ოქროს რტო, ანუკ ემე კი ოქროს გლობუსის დაჯილდოებასა და British Academy Film Awards-ზე საუკეთესო მსახიობად დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კინოკარიერის ყველაზე წარმატებულ ფილმად სწორედ „ქალი და მამაკაცი“ ითვლება, ანუკ ემეს დამახასიათებელი, უნიკალური სტილი და ელეგანტურობა მსოფლიომ 1960 წლის ცნობილ ფილმში - La Dolce Vita-ში იხილა. ‘’ტკბილი ცხოვრება’’ - ფედერიკო ფელინის ფილმში ანუკ ემე მთავარ როლს არ ასრულებს, იგი მადალენას - რომის ყოველდღიური ცხოვრებით გადაღლილი, თავგადასავლების ძიებაში მყოფი ქალს განასახიერებს, რომელიც მთავარ გმირს, რომის ბოჰემის და "ღვთაებრივი კომედიის" მეთვალყურე ჟურნალისტს - მარჩელოს ხვდება.
ანუკ ემე ბევრი ცნობილი რეჟისორის მუზა და შთაგონება იყო, სწორედ მათ შორისაა ფედერიკო ფელინი, რომლის ფილმებშიც ანუკმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა. ფელინმა თავისი მუზა 1958 წლის ჟაკ ბეკერის ფილმში - "მონპარნას 19“-ში აღმოაჩინა, სადაც ანუკმა ჟანა ებიუტერნის როლი შეასრულა, სწორედ მას შემდეგ იყო "ტკბილი ცხოვრება", რომელსაც 3 წლის შემდეგ კინორეჟისორთან მორიგი თანამშრომლობა და კიდევ ერთი ცნობილი, 1963 წლის ფილმი - "8 ½“ მოჰყვა, რომელიც ფელინის ავტობიოგრაფიულ ელემენტებზე იყო აგებული და მასში ერთ-ერთ მთავარ, რეჟისორის როლის შემსრულებლის, მარჩელო მასტროიანის ცოლის - ლუიზა ანსელმის როლს ასრულებს.
როდესაც ანუკზე, როგორც კინორეჟისორების მუზაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია კლოდ ლელუში, რომლის ფილმებშიც ანუკ ემემ 7-ჯერ მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული მსახიობის კარიერაში უკანასკნელი ფილმი, სწორედ ლელუშის 2019 წლის ნამუშევარია, სახელწოდებით - ‘’The Best Years of a Life’’, რომელიც გაგრძელებაა ფილმისა -„ქალი და მამაკაცი“, თუმცა ფილმის ისტორია თავდაპირველად 1986 წელს - „ქალი და მამაკაცი: 20 წლის შემდეგ’’ გადაიღეს. ანუკ ემე სამი სხვადასხვა, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებულ ლელუშის ფილმებში თამაშობს და ან გოტიეს განასახიერებს.
ანუკ ემეს ორი თანამშრომლობა რეჟისორ - ჟაკ დემისთან და ორი დასამახსოვრებელი როლი, ფილმებში - ‘’ლოლა’’ და „მოდელების ატელიე“ იყო. ‘’ლოლა’’ 1961 წლის ფილმია, სადაც ანუკ ემე შესანიშნავად თამაშობს კაბარეს მოცეკვავისა და მომღერალი ქალის როლს, რომელსაც თავისი არაორდინალური და გამორჩეული სილამაზე მოარგო. ხოლო „მოდელების ატელიე“ 1969 წელს გამოვიდა და მსახიობმა მიტოვებული მოდელის როლი შეასრულა.
ფოტოს წყარო: IMDb, David Downton
დაწერე კომენტარი