ელენე, მოგვიყევით რა იყო ალულაში მოგზაურობის მთავარი შთაგონება?
საერთოდ არ ვიცოდი, რომ საუდის არაბეთში ეს ადგილი - ალულა არსებობდა, პირველად ინსტაგრამზე ვნახე ვიდეო, თავიდან ვიფიქრე, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ხომ არ იყო, მოვძებნე და მიზნად დავისახე, რომ ამ ადგილას აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავი, თუმცა ჩემ ირგვლივ არავის ჰქონდა გაგონილი ალულას შესახებ, როგორც აღმოჩნდა, ზოგადადაც ექვსი წლის წინ გაიხსნა ტურისტებისთვის.ადგილი, რომლის მონახულებასაც ყველაზე მეტად ელოდით და გეგმავდით?
ყველაზე მეტად სარკისებური შენობა მაინტერესებდა, გარედან მთლიანად სარკეა და შუაგულ უდაბნოში მდებარეობს, ძალიან შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ როგორ ირეკლავს ამ მასშტაბური შენობის კედლები უდაბნოს და კლდეებს, შენობის შიგნით საკონცერტო დარბაზია და როგორც გვითხრეს, ხშირად ჩამოჰყავთ ძალიან ცნობილი მუსიკოსებიც.რა ამბავს გვიყვება ყველაზე საყვარელი კადრი, რომელიც ამ მოგზაურობიდან შემოგრჩათ?
ეს ფოტო ჰეგრაზე გადავიღე. ჰეგრა კლდეში გამოძერწილი აკლდამებია, რომლებიც ძველ ნაბაეტანიანურ ცივილიზაციას ეკუთვნის. ისე მოხდა, რომ წინა დღეს ძლიერი შტორმი იყო, მეორე დღეს კი ჰეგრასთან, ამ უდაბნოში წყალი იდგა, ძალიან იშვიათი და ამავე დროს საოცარი სანახაობა იყო.ფირის კამერა თუ ციფრული?
ფირის კამერა ყოველთვის მიმაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად მაინც ტელეფონს ვიყენებ, ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს, მოგზაურობის გარეშეც ინტენსიურად ვიღებ ფოტოებს და მაშინაც უფრო მეტად ტელეფონით. მოგზაურობის დროს შტატივი მიმაქვს, რომ ძალიან არ შევაწუხო სხვები.
ადგილი, რომელიც სეირნობისას შემთხვევით აღმოაჩინეთ?
ალულაში ძალიან საინტერესო კლდოვანი ფორმაციებია, მილიონი წლის წინ ეს ადგილი თურმე წყლის ქვეშ იყო და ამიტომ წყლის შექმნილია ეს ფიგურები. მართლაც, რომ დადიხარ, გგონია, ზღვის ფსკერზე სეირნობ. ზოგიერთ ფორმაციას სპილოს ფორმა აქვს, ზოგს ადამიანის სახის, ყველაზე საოცარი უზარმაზარ კლდეში ამოჭრილი ბოთლის ფორმის ჭრილი იყო, ძალიან მინდოდა იქამდე მივსულიყავი, კლდეზე ცოცვა მომიწია, მაგრამ იმ კლდეზე რომ დგები, კანიონების ულამაზესი ხედი იშლება და ნამდვილად ღირს.ადგილობრივი კერძი, რომელიც პირველად იქ დააგემოვნეთ?
კაბსა, ტრადიციული საუდის არაბული კერძი, რომელიც ბრინჯის და ხორცისგან მზადდება და იქაური სუნელებითაა შეზავებული. ასევე არის, პალმების ოაზისებიც არის, სადაც ფინიკის პლანტაციები აქვთ გაშენებული, ასეთი გემრიელი ფინიკი არსად არ გამისინჯავს.
მოგზაურობის შემდეგ რა გახდა ამ ადგილის სავიზიტო ბარათი?
კანიონები, რომელიც ძალიან ლამაზი სანახავია და თან საოცარი ენერგეტიკა ტრიალებს.ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც ალულაში აუცილებლად უნდა ვნახოთ?
აუცილებლად სანახავია Jabal Ikmah-ის კლდეები, სადაც ბევრი წარწერა და ამოტვიფრული ადგილები დაგხვდებათ. თურმე აქ პილიგრიმები ჩერდებოდნენ და ისვენებდნენ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე სხვადასხვა ენაზე გაკეთებული ეს წარწერებიც მათ ეკუთვნით.
სასტუმრო და რესტორანი, რომლებსაც ალულაში გვირჩევთ?
რესტორანი „ოაზისი“, რომელიც ძველ ქალაქში მდებარეობს და სწორედ პალმების ოაზისშია გაკეთებული, აქ ტრადიციული და ძალიან გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, სასტუმროს რაც შეეხება „ჰაბიტასში“ წასვლას ვურჩევდი ყველას, თითოეული ნომერი კარვის ტიპის პატარა სახლუკებია, რომლებიც იდეალურად არის შერწყმული უდაბნოს ლანდშაფტთან, ამასთან სასტუმროში არაერთი ველნეს პროგრამაა, რომელიც მედიტაციას, საუნდ ჰილინგს, იოგას მოიცავს, რაც კიდევ უფრო გეხმარება ბუნებასთან ერთიანობის და ჰარმონიის მიღწევაში.
შთამბეჭდავი ადგილი, სადაც კიდევ დაბრუნდებით?
ყველა ჩამოთვლილ ადგილას სიამოვნებით დავბრუნდებოდი, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავად უდაბნოში თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციები მახსენდება, საოცარი გამოცდილება იყო აი ამ სიძველისა და თანამედროვეობის ასეთი ჰარმონიული შერწყმა, ამ სანახაობას კიდევ ერთხელ ვესტუმრებოდი.გვირჩიეთ, რა მარშრუტით დავგეგმოთ მოგზაურობა ალულაში?
ყველაზე ადვილ მარშრუტი ალულამდე არის თბილისიდან დუბაის გავლით, დუბაიდან ზუსტად 3-საათიანი ფრენის შემდეგ პირდაპირ ალულას აეროპორტში მოხვდებით.
ხანგრძლივი ფრენისას დრო როგორ გავიყვანოთ?
მე ფრენის დროს წიგნის წაკითხვას ან ფილმის ყურებას ვამჯობინებ.
როგორ გავიყვანოთ დრო აეროპორტში ფრენებს შორის?
ფრენებს შორის დროს ყველაზე ხშირად აეროპორტის ლაუნჯში ვატარებ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხშირად ვსარგებლობ თიბისი კონცეპტის სივრცითაც, სადაც ყველაფერია, ინტერნეტით დაწყებული ბიბლიოთეკით დამთავრებული განტვირთვისა და დასვენებისთვის.
დაწერე კომენტარი