მაროკოს სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ტანჟერში ლეგენდარული ივ სენ ლორანის ყოფილი ვილა მდებარეობს, რომელიც ბრიტანელმა დიზაინერმა ჯასპერ კონრანმა სასტუმროდ გარდაქმნა და დღესდღეობით მრავალწლიანი ისტორიის მქონე 12 ნომრით და უძველესი, თვალწარმტაცი ყვავილების ბაღებით მასპინძლობს სტუმრებს. 

ქალაქი ტანჟერი მეოცე სუკუნეში ხშირად იყო სხვადასხვა ხელოვანის შთაგონების წყარო და ცნობილი ადამიანების ერთ-ერთ მთავარ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ივ სენ ლორანი, რომელიც მაროკოს სილამაზეში უსაზღვრო შთაგონებას ხედავდა, დიზაინერი თავის პარტნიორ პიერ ბერჟესთან ერთად, წელიწადში ორჯერ მაინც სტუმრობდა ქვეყანას და იქ მუშაობდა სხვადასხვა კოლექციაზე, ტანჟერში მდებარე Villa Mabrouka სენ ლორანმა 1990 წელს შეიძინა.

ჯასპერ კონრანმა Villa Mabrouka 2019 წელს შეიძინა და ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა მის განახლებაზე, დიზაინერმა ვილა მდიდრულ სასტუმროდ გადააქცია, მუშაობის პროცესში კი მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ნაგებობის ისტორია და მნიშვნელობა, ივ სენ ლორანის წარსული ვილაში. საბოლოოდ, კონრანმა ვილას რესტავრაცია ჩაუტარა, დაამატა რამდენიმე ახალი ოთახი, რესტორნები, ბარი და სახურავის ტერასა, შეინარჩუნა წინამორბედის პატივისცემა და ამავდროულად, საკუთარი ხელწერით გარდაქმნა საცხოვრებელი სახლი სასტუმროდ. 

ისევე როგორც წლების წინ, დღესაც Villa Mabrouka-ს გამორჩეული ნაწილია ბაღები, რომლებიც ივ სენ ლორანმა და პიერ ბერჟემ 1990-იანი წლების დასაწყისში გააშენეს. ვილა, ბაღებში განთავსებული ნომრები და გარე საცურაო აუზი მთლიანად გარშემორტყმულია უამრავი ფერადი ყვავილნარით, მცენარეებითა და ხეებით, ნომრებს თეთრი ტერასები ამშვენებს, ზოლიანი ქოლგებით და ხედებით ყვავილის ბაღებსა და ზღვაზე.

Villa Mabrouka-ში თითოეული დეტალი - დაწყებული ქსოვილებიდან, დამთავრებული ფერთა პალიტრით, დიდი ყურადღებითაა შერჩეული. ინტერიერში შეხვდებით ხავერდის სავარძლებს, მარგალიტებით გაფორმებულ მაგიდებს, რატანის იატაკს, მურანოს შუშის ჭაღებსა და Saint Laurent-ის საფირმო მწვანე და ლურჯ კარებს. ავეჯი, რომლის უმეტესობა კონრანის დიზაინითაა შექმნილი, სპეციალურად Villa Mabrouka-სთვის დამზადდა, დიზაინერი აღნიშნავს, რომ ფერები და ავეჯი შეირჩა ისე, რომ ნომრები შერწყმულიყო ბაღებისა და ზღვის ხედებთან.


ფოტოს წყარო: Villa Mabrouka