იაპონელმა არტისტმა  იაიოი კუსამამ ლონდონში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ახალი საჯარო ქანდაკება, სახელწოდებით Infinite Accumulation წარმოადგინა, რომელიც მის მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის ყველაზე დიდი ქანდაკება და მისი პირველი, მუდმივი საჯარო ნამუშევარია დიდ ბრიტანეთში. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სადგურთან მდგარი მონუმენტური, სამგანზომილებიანი ქანდაკება შექმნილია იმისთვის, რომ ასახოს მუდმივად მოძრავი ადამიანების ნაკადი. 

IMG_1378.jpeg 652.71 KB
საზოგადოებრივი სკულპტურა, ერთმანეთთან დაკავშირებული მეტალის სფეროები, შთაგონებულია კუსამას შემოქმედების მთავარი მოტივით და მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილით - ფერადი წერტილებით. ათი მეტრის სიმაღლისა და თორმეტი მეტრის სიგანის სპეციფიკურ ქანდაკებაში წერტილები ვერცხლისფერი სფეროებია, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება, მათი პრიალა ზედაპირი კი ირეკლავს გარემოს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს გახდნენ არტ-ინსტალაციის ნაწილი და ქმნის როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ შთაბეჭდილებას, რომელიც მუდმივად ვითარდება ლონდონის ურბანულ ლანდშაფტში.

‘’ლონდონი არის მასიური მეტროპოლია, სადაც მუდმივად მოძრაობს სხვადასხვა კულტურის ხალხი. სფეროები განასახიერებს უნიკალურ პიროვნებებს, ხოლო დამხმარე მრუდი ხაზები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ საყრდენი სოციალური სტრუქტურა”.  - აღნიშნა იაიოი კუსამამ მისი დღემდე ყველაზე დიდი საჯარო ნამუშევრის - Infinite Accumulation-ის შესახებ. 

IMG_1383.jpeg 689.86 KB
წერტილები იაიოი კუსამას ნამუშევრებში 1960-იანი წლებიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, იაპონელი არტისტის უამრავი ნამუშევრის, ნახატისა და ქანდაკების მთავარ მოტივად იქცა. წლის დასაწყისში იაიოი კუსამამ ლონდონში კიდევ ერთი საჯარო, თუმცა დროებითი ინსტალაცია - Pumpkin წარმოადგინა, რომელიც კენსინგტონის ბაღებში 3 ნოემბრამდე დარჩება. მსგავსად Infinite Accumulation-ისა, გოგრის ინსტალაცია განთავსებულია ისე, რომ ერწყმის მიმდებარე ლანდშაფტს და ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს ნამუშევრის ნაწილი გახდნენ.


ფოტოს წყარო: Victoria Miro Gallery, Dezeen