ქალაქ ნიუ-იორკში, სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმში Alaïa-ს 2025 წლის ზამთრის და გაზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გუგენჰაიმის მუზეუმმა უმასპინძლა მოდის ჩვენებას.ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არჩევა ჩვენებისთვის ასახავს მრავალწლიან კავშირს მოდის სახლსა და ქალაქს შორის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ბრენდის ჩამოყალიბებაში, ისე კონკრეტულად ახალი კოლექციის შექმნაში. Alaïa-ს ურთიერთობა ნიუ-იორკთან 40-ზე მეტ წელს ითვლის, სწორედ აქ დაიწყო აზედინ ალაიამ მოდის სახლის განვითარება, კოლექციების ჩვენება და გახსნა თავისი პირველი მაღაზია 1980-იან წლებში, მისი ნამუშევრები პირველად უჩვენეს ნიუ-იორკში 1982 წელს, Bergdorf Goodman-ში. ქალაქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სახლის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელისთვის - პიტერ მიულესთვისაც, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ ცხოვრობდა და მუშაობდა რაფ სიმონსთან ერთად Calvin Klein-ში.

ბელგიელი დიზაინერი პიტერ მიულე პირველია, ვინც აზადინ ალაიას გარდაცვალების შემდეგ, მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში და 2021 წლიდან Alaïa-ს კრეატიული დირექტორია. 2025 წლის ზამთრის და გაზაფხულის კოლექცია ამერიკულ სტილსა და ჩაცმის კულტურას გამოხატავს. ‘’ეს კოლექცია ეძღვნება ტრადიციების პატივისცემასა და თანამედროვეობას. ეს არის ჩაცმის ამერიკული იდეოლოგიის აღნიშვნა და გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ნიუ-იორკი და პარიზი’’, - აღნიშნა სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა.

გარდა სპორტული სილუეტებისა, ახალ კოლექციაში მრავლად ვხვდებით სანახაობრივ კაბებს, ფერთა პალიტრის მრავალფეროვნებით. კაბები სხვადასხვა ქსოვილითაა შექმნილი, წარმოდგენილია მბზინავი, გამჭირვალე ქსოვილებისგან, აბრეშუმისგან შექმნილი მასიური, დიდი ზომის სილუეტები და მინიმალისტური დიზაინი. თითოეული მათგანი ისეა შექმნილი, რომ არ აქვს ღილები და ელვაშესაკრავები. 

Alaïa-ს ჩვენების სტუმართა რიგებში ვიხილეთ რიანა, ლივ ტაილერი, ნაომი კემპბელი, ემბერ ვალეტა, ლინდა ევანგელისტა და ლუის ჰამილტონი.


ფოტოს წყარო: Alaïa, Vogue Runway