პარიზის მოდის კვირეულზე, ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Saint Laurent-ის ახალი 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც უკვე მეორედ უმასპინძლა Rue de Bellechasse-მა, პირველად, 2016 წელს სწორედ ამ ადგილას გაიმართა ვაკარელოს დებიუტი მოდის სახლისთვის. ორწლიანი პაუზის შემდეგ კი, პოდიუმს ბელა ჰადიდი დაუბრუნდა და Saint Laurent-ის ჩვენებაზე გამოჩნდა. ბელა ჰადიდმა თეთრ პერანგზე უახლესი კოლექციის შავი, დიდი ზომის პიჯაკი, ჰალსტუხი და შარვალი მოირგო. რაც შეეხება აქსესუარს, ჩვენებაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სათვალეები, რომლის მსგავს დიზაინს ხშირად იყენებდა ივ სენ ლორანი. კოლექციაში მრავლად შევხვდით დიდი ზომის კოსტიუმებს, პიჯაკებსა და სმოკინგებს, რომლებიც სხვადასხვა სამოსთან ერთად გამოჩნდა, იქნება ეს შარვლები, ქვედაბოლოები თუ კაბები. გარდა სათვალეებისა, ახალი კოლექციის დიდი ნაწილიც სწორედ ლეგენდარული დიზაინერის - ივ სენ ლორანის პერსონალურ სტილს და ხედვას უსვამს ზახს. Saint Laurent-ის ტრადიციული მოტივები და ვაკარელოს შემოქმედებითი ხედვა გაერთიანდა ისე, რომ კოლექცია ერთდროულად იყო თანამედროვე და ნოსტალგიური.მამაკაცის კოლექციაში ძირთადად შავ, ნაცრისფერ და კრემისფერ ფერებს შევხვდით, კლასიკურ კოსტიუმებთან ერთად მოდელებმა ტყავის ქურთუკები და ‘’თრენჩის’’ მოსაცმელები მოირგეს. ვაკარელომ ჩვენების ბოლო ნაწილი ახალი კოლექციის ფერად ქვედაბოლოებს მიუძღვნა, რომლებიც სხვადასხვა, მრავალფეროვან და ელექტრიკ ფერებში იყო წარმოდგენილი. ლუქების უმეტესობას ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული ფეხსაცმელები და მასიური აქსესუარები - სამაჯურები, ყელსაბამები და საყურეები შეეხამა.
ფოტოს წყარო: Vogue Runway, Saint Laurent
დაწერე კომენტარი