ისტორიულ Château de Vincennes-ში ესპანური მოდის სახლის, Loewe-ს 2025 წლის ქალის სამოსის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ჯონათან ანდერსონმა საზოგადოებას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ჩვენება და კრეატიული კოლექცია წარუდგინა, რომელიც გამოირჩეოდა ფერებისა და პრინტების მრავალფეროვნებით, ხელობის საინტერესო ტექნიკითა და როგორც თანამედროვეობით, ისე ზოგიერთი ძველი ნამუშევრის ორიგინალური ინტერპრეტაციით.
ჩვენების წინ ჯონათან ანდერსონმა სტუმრებს მოსაწვევებთან ერთად, ოქროსფერი ბეჭდები გაუგზავნა, წარწერით - Loewe 1846. ეს ესპანური მოდის სახლის დაარსების თარიღია და ახალ კოლექციასაც სწორედ ბრენდის მდიდარი მემკვიდრეობა უდევს საფუძვლად, რომელიც უკვე წლებია იდეალურად ერწყმის ჯონათან ანდერსონის შემოქმედებით ხედვას.
დიზაინერმა ახალ კოლექციაში აქცენტი გააკეთა ყვავილებიან პრინტზე, რომლითაც გაფორმებული იყო აბრეშუმის კაბები. წარმოდგენილი იყო ახალი Trapeze კაბა, რომელიც ხელობის განსაკუთრებული ტექნიკით დამზადდა და საბოლოო ჯამში, ტალღოვანი ეფექტი შექმნა. ასევე, Mother of Pearl - მარგალიტის ეფექტის მქონე თეთრი, მოკლე “თრენჩი” და ბუმბულებით გაფორმებული სამოსი.
ახალი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა სტილის და ფერის მაისურები, რომლებზეც გამოსახულია ამადეუს მოცარტის, იოჰან სებასტიან ბახის, ფრედერიკ შოპენის და ედუარდ მანეს პორტრეტები, ასევე ვან გოგის ცნობილი ნახატები, მათ შორის - ‘’მზესუმზირები’’.
ჯონათან ანდერსონის დეტალებისადმი ყურადღება შეიმჩნევა ახალი კოლექციის ჩანთებშიც, მან სახლის საკულტო Puzzle ჩანთის ინტერპრეტაცია და ახალი The Madrid ჩანთა წარმოადგინა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Loewe-ს მემკვიდრეობას - ჩანთა მოდის სახლის მშობლიური ქალაქის - მადრიდის სახელს ატარებს. ანდერსონი მის კოლექციებში წარსულს, აწყმოსა და მომავალს აერთიანებს.
ფოტოს წყარო: Vogue Runway, Loewe
დაწერე კომენტარი