ბრაზილიელი ავტომრბოლელი, ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი აირტონ სენა დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად მოიხსენიება, მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც სენას უამრავი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს და დღესაც ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყაროა, მათ შორის მისი ჩაცმულობით, რადგან სენა ნამდვილად გამოირჩეოდა გემოვნებიანი, დახვეწილი და დასამახსოვრებელი სტილით.
80-იანი წლებში და 90-იანი წლების დასაწყისში აირტონ სენა მისი სპორტული ცხოვრების ამსახველი სტილით მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში. სენა წარმოშობით ბრაზილიიდან, სან პაულოდან იყო, დროის დიდ ნაწილს კი წყალთან ახლოს, აუზის პირას ან ოკეანეში ატარებდა, სადაც ნავით სასეირნოდ გადიოდა და ძალიან ხშირად პოლოს მაისურებს ატარებდა, რომლებიც სხვადასხვა, ნათელ და ხალისიან ფერებში იყო გადაწყვეტილი.
სენა ხშირად ატარებდა ქუდებს, განსაკუთრებით კი კეპებს, მის ფავორიტ ქუდზე კი ბრაზილიური ბანკის, Nacional-ის ლოგო იყო გამოსახული, რომელსაც სხვადასხვა ლუქებს უხამებდა, იქნებოდა ეს სპორტულები თუ ჯინსები და პერანგები. სწორედ ეს კეპი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ქუდად იქცა და სენას შთაგონებით, მას დღემდე არაერთი ადამიანი ატარებს.
სენას სტილში მუდმივად შეინიშნებოდა ზოლებიანი, განსაკუთრებით კი ლურჯი და ცისფერი ზოლებით გაფორმებული პერანგები. მისი ჩაცმულობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მრბოლელის ფავორიტი ლუქი - ლურჯი ჯინსები და თეთრი სპორტული ფეხსაცმელები, ამ კომბინაციას იგი თითქმის ყველაზე ხშირად იყენებდა, მინიმალისტური და დახვეწილი სტილი კი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას.
სენას საყვარელ აქსესუარად სათვალე ითვლება, რომელსაც როგორც ტრასაზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად იყენებდა და მისი სათვალის სხვადასხვა მოდელები ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. რაც შეეხება ფერებს, სენა შესაძლოა ყველაზე მეტად მისი ჩაფხუტის ყვითელ და მწვანე ფერებთან ასოცირდებოდეს, თუმცა იგი ძალიან ხშირად ჩნდებოდა ერთი ფერის, მონოქრომული სამოსით, განსაკუთრებით კი შავი და თეთრი ფერებით. აირტონ სენა ასევე წლების განმავლობაში უკავშირდება Marlboro-ს ფერებს, მაკლარენის გუნდის სიმბოლოს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ლეგენდარული, დასამახსოვრებელი იმიჯის ჩამოყალიბებაში. Marlboro-ს თეთრი და წითელი ფერი დროსთან ერთად სენას რბოლის, გამარჯვებების, სიძლიერის და ემოციების სიმბოლოდ იქცა, ფერები 80-90-იანი წლების მაკლარენის მანქანებს ამშვენებდა და გულშემატკივრებს დღემდე ფორმულა 1-ის ოქროს ეპოქას და აირტონ სენას ახსენებს.სენას სიმბოლოდ ქცეული ფერების წლების განმავლობაში პოპულარობის გამო, Ayrton Senna Legacy Patchwork პოლო მაისურებიც შეიქმნა, რომელსაც საფუძვლად ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მძღოლის პატივისცემა იქცა. Marlboro-ს ცნობილი ფერებით შთაგონებულმა დიზაინმა გულშემატკივრებს და სენას ერთგულ მიმდევრებს საშუალება მისცა ეტარებინათ და პატივი ეცათ სენას დაუვიწყარ სტილისთვის.
ფოტოს წყარო: GQ, Gentleman's Journal, Motorsport Images, Tumblr
დაწერე კომენტარი