Celine ედი სლიმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით მორიგ კამპანიას წარმოგვიდგენს, რომელიც შთაგონებულია The Velvet Underground & Nico - ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომითა და ფრანსუაზა საგანის რომანებით. ახალი კამპანია ეძღვნება 1960-იანი წლების ფრანგი ქალების დახვეწილ სტილს და პატივისცემით იხსენებს ისეთ ქალებს, როგორებიც იყვნენ ფრანგული სტილის სიმბოლოდ ქცეული ფრანსუაზ ჰარდი და ჟულიეტ გრეკო.

IMG_4304.jpeg 506.42 KB
ახალი კამპანიის ფარგლებში Celine-მ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახლწოდებით Un Été Français წარმოადგინა. ძველი ფრანგული სილუეტებით სავსე კოლექცია ასევე გვახსენებს ფრანგული სახლის ოქროს ეპოქას - 1960-70-იან წლებს, როდესაც Celine ითვლებოდა პარიზის ბურჟუაზიის ‘’არაოფიციალურ ფორმად’’. სლიმანმა ძველი ეპოქის ამსახველი სტილი მოკლე ქვედაბოლოებში, მორგებულ კოსტიუმებსა და ტვიდის ორეულებში ასახა, რომლებიც გაფორმებულია აბრეშუმის შარფებითა და 60-იანი წლების ყვავილიანი პრინტებით.

ახალ კოლექციაში ვხვდებით საღამოს კაბებს, რომლებიც მორთულია ათასობით მძივით, კრისტალებითა და მბზინავი დეტალებით. ასევე, სეზონის მთავარ ჩანთას - Joséphine, რომელიც კიდევ ერთხელ, ძველ ფრანგულ სტილს ეხმიანება და ხაზს უსვამს ნოსტალგიურ ხასიათსა და ვინტაჟს. ფრანსუაზ ჰარდისადმი პატივსაცემად მოდელების უმეტესობამ მისი თმის სტილი მოირგო და დამახასათებელი თვალის ლაინერით გამოჩნდა, რომელიც Celine Beauté-ის უახლესი ხაზიდან არის. 

კამპანიის მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სურათები გადაღებულია Compiègne-ში, სამეფო შატოში პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც მარია ანტუანეტა შეხვდა ლუი XVI-ს. მოდელები შატოს დრამატულ, ისტორიით სავსე დერეფნებსა და ბაღებში მოძრაობენ, ვიდეორგოლს ფონად The Velvet Underground-ისა და Nico-ს მუსიკა - Femme Fatale აფორმებს. ქალების ახალ კოლექციამდე ედი სლიმანმა 20-იან წლების ინგლისის შთაგონებული მამაკაცის კოლექცია და კამპანია Bright Young გაგვიზიარა.


ფოტო: Celine