ელსვორთ კელი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი სახელგანთქმული არტისტია, რომლის აბსტრაქტული ნამუშევრები, პრინტები და ქანდაკებები არის ხაზის, ფორმისა და ფერის შესწავლის მაგალითი. კელის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია ღია საფოსტო ბარათები, რომელთა შექმნაც 1949 წელს დაიწყო და 2005 წლამდე 400-ზე მეტი ბარათი შექმნა. თითოეული მათგანი არტისტის შემოქმედებით ხედვას, დამახასიათებელ განწყობას და კელის თვალით დანახულ სამყაროს ასახავს.
ბარათების უმეტესობა წარმოადგენს კონკრეტულ ადგილებს, რომლებსაც არტისტი სტუმრობდა ან მის საცხოვრებელ გარემოს, მაგალითად, პარიზს, სადაც კელი 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა და იქ მომავალშიც არაერთხელ დაბრუნებულა. ასევე, მის კიდევ ერთ საყვარელ ქალაქ ნიუ-იორკს, სადაც სტუდია ჰქონდა და გარდა ქალაქისა, ბარათებზე მისი სტუდიის შენობასაც ასახავდა.
კელის საყვარელი ადგილების, მისი ცხოვრების და გარემოს ამსახველი დეტალების ბარათებზე გადატანამ მათ უნიკალური ხასიათი შესძინა. საფოსტო ბარათები უფრო მეტად მრავალფეროვან ხასიათს და მხიარულ განწყობას ატარებს, ვიდრე მისი ნახატები და ქანდაკებები. ბარათები ჩანახატსა და ხელოვანის გზავნილს გადმოსცემდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან და ამგვარად ადამიანები ქუჩებს, ქალაქებსა და ადგილებს კელის თვალით ხედავდნენ.
ღია ბარათები წარმოადგენს აბსტრაქტულ ფორმებს და მათში სხვადასხვა კომპოზიციებია გამოყენებული. კელი ხშირად იღებდა შთაგონებას ბუნებიდან, არქიტექტურიდან, ხელოვნების ისტორიიდან, იგი ასევე ხშირად აკვირდებოდა ფრინველებს და მუდმივად ეძებდა უჩვეულო ფერებსა და საინტერესო, განსხვავებულ ნიშნებს. მის ღია ბარათებზე ხშირად ადამიანებიც იყვნენ გამოსახულნი, მათ შორის მერლინ მონრო, რომელიც კელის ბარათებზე რამდენჯერმე გამოჩნდა.
ელსვორთ კელის გამორჩეულ და დასამახსოვრებელ კოლაჟებს და ღია ბარათებს მიეძღვნა ვრცელი პუბლიკაცია - ‘’Ellsworth Kelly: Postcards’’. იგი კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას 1948 წლიდან დაუკავშირდა, 1956 წელს კი ჰქონდა პირველი გამოფენა ნიუ-იორკში, ბეტი პარსონსის გალერეაში. კელის ღია ბარათები და ზოგადად, შემოქმედება დღემდე ძალიან ცნობილია, მისი ნამუშევრები ნაჩვენებია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში - ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების და გუგენჰაიმის მუზეუმებში, ლონდონის Tate-ში, პარიზის Centre Pompidou-ისა და მიუნხენის Haus der Kunst-ში.
ფოტოს წყარო: Blanton Museum of Art, Matthew Marks Gallery
დაწერე კომენტარი