Around the Studio-ს კოლექტივი წარმოგიდგენთ გამოფენას, სახელწოდებით ‘’კონსპირაციული ბარი’’, რომელიც 27 სექტემბერს გაიხსნა და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენა აერთიანებს ვიდეოს, კინოს, პერფორმანსისა და მუსიკის პროგრამას და ღიაა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 14:00-იდან 19:00 საათამდე ან/და წინასწარი შეთანხმებით, დიმიტრი ბაქრაძის 13-ში. გამოფენის პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი თემების კვლევას, როგორიცაა რევოლუცია, სამოქალაქო პროტესტი და შიდა კონფლიქტები.
გამოფენაზე წარმოდგენილია დემონსტრაციების დროს გამოყენებული ჯებირები, წინაღობები და სხვა აღჭურვილობით შთაგონებული ავეჯი და ობიექტები, ეს ნივთები მოგვითხრობენ 2023-2024 წლების მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ “უცხოური გავლენის” კანონის მიღებამ გამოიწვია. გამოფენა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს ისაუბროს მიმდინარე მოვლენებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმის მნიშვნელობაზე.
‘’კონსპირაციული ბარი’’ ექვსი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს მრავალფეროვან პროგრამას - ვიდეოსა და ფილმების ჩვენებებს ირინა პოპიაშვილისა და სალომე ფოცხვერაშვილის კურატორობით, ახალი მუსიკის პროგრამას ნინო დავაძის კურატორობით და ექსპერიმენტულ თეატრის წარმოდგენას დავით ხორბალაძის კურატორობით. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა სამკვირიანი კინოჩვენებების სერია, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკურ გარემოს ეხმიანება, შერჩეული ფილმების ჩვენება გაიმართა კინედოკთან კოლაბორაციით. 24 ოქტომბერს კი კუნსტჰალე თბილისის წარდგენით დავით ხორბალაძის საუნდ პერფომანსი იმართება.
Around the Studio თიკა შელიამ და ანო ჯიშკარიანმა დააარსეს, ხელოვანები ერთმანეთს VA[A]DS-ში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 2014 წელს შეხვდნენ. ისინი სწავლის პერიოდში ხშირად თანამშრომლობდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის იდეებსა და ხედვებს, მოგვიანებით კი ხელოვნებისა და დიზაინის კოლექტივი Around the Studio შექმნეს.
ფოტო: სერა ძნელაძე
დაწერე კომენტარი