ნაოშიმას კუნძული, რომელიც იაპონიაში, სეტოს ზღვაში მდებარეობს, ცნობილია თავისი არქიტექტურით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებითა და სკულპტურებით. დღესღეობით ნაოშიმა ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო ადგილად, თანამედროვე იაპონური ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება და დამთვალიერებლებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. 

ნაოშიმას კუნძულზე პირველი ნაგებობა - ბენესის სახლი 1992 წელს გაიხსნა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი და სასტუმრო. შენობა ლეგენდარულმა იაპონელმა არქიტექტორმა ტადაო ანდომ დააპროექტა და არქიტექტურისა და ხელოვნების ბუნებასთან შერწყმის შთამბეჭდავი ნიმუშია. გამოფენილი ნამუშევრები შექმნილია სპეციალურად ამ ადგილისთვის და ხაზს უსვამს როგორც ბუნებრივ ლანდშაფტს, ისე ანდოს არქიტექტურას. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს აღმოაჩინოს კრისტო და ჟანა-კლოდის, სემ ფრენსისის, სი ტუმბლის, რობერტ რაუშენბერგის, რიჩარდ ლონგის, ივ კლაინის, ჯანის კუნელისის, ნიკი დე სენტ ფალის და სხვა ხელოვანების ნამუშევრები. 


 

ტადაო ანდოს კიდევ ერთი პროექტი ნაოშიმას კუნძულზე ჩიჩუს ხელოვნების მუზეუმია, რომელიც 2004 წელს დაარსდა და უნიკალურ საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს, რომელზეც ბუნებრივი შუქი და გარემო ისე ახდენს გავლენას, რომ განსაზღვრავს ნამუშევრების ვიზუალსა და ეფექტს. ჩიჩუს ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს საკულტო წყლის შროშანები და ორი თანამედროვე ხელოვანის -  ჯეიმს ტურელისა და ვალტერ დე მარიას ნამუშევრები, ხის ქანდაკებები და ინსტალაციები. 

კუნძულის გამორჩეული ნაწილი და ერთ-ერთი სიმბოლოა ცნობილი იაპონელი ხელოვანის, იაიოი კუსამას მიერ შექმნილი გოგრის სკულპტურები. წითელი და ყვითელი ფერის მასიური გოგრის სკულპტურები კუნძულის ტერიტორიაზე ისეა განთავსებული, რომ ბუნებრივი ლანდშაფტისა და ხელოვნების საინტერესო შერწყმას ქმნის, ერთ-ერთი მათგანი კი პირდაპირ ოკეანეს გადაჰყურებს. კუნძულის უამრავი სტუმრისთვის ეს სკულპტურები გამორჩეული ნამუშევრებია, როგორც ცნობილია, კუსამას ფერად შემოქმედებაში გოგრას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მის ნამუშევრებში ძალიან ხშირად ვხვდებით მის გამოსახულებებს. 

ნაოშიმას კუნძულზე ასევე შეხვდებით სხვა მუზეუმებს, მაგალითად, კორეელი მხატვრის - ლი უფინასდმი მიძღვნილ სივრცეს, რომელიც 1970-იანი წლების კონცეპტუალური და მინიმალური ხელოვნების წამყვანი ფიგურაა. აქვე მდებარეობს ანდოს მუზეუმი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და პატივს მიაგებს ტადაო ანდოს შემოქმედებას, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც იაპონურ, ისე გლობალურ არქიტექტურულ მიმდინარეობებზე. 

თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს, რომლებიც ნაოშიმას კუნძულს სტუმრობენ, შესაძლებლობა აქვთ სკულპტურები და ხელოვნების შედევრები მთელი კუნძულის ტერიტორიაზე, სხვადასხვა წერტილში აღმოაჩინონ. აქ შეხვდებით ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიც არიან ალბერტო ჯაკომეტი, კარელ აპელი, ვოლტერ დე მარია, აღმოაჩენთ ორიგინალურ სკულპტურებს, თანამედროვე არქიტექტურასა და ულამაზეს ბუნებას.



ფოტოს წყარო: Will Tang, Going Awesome Places, Conde Nast Traveler