დანიაში ყველაზე პოპულარული სახელოვნებო სივრცე - ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქალაქ ჰუმლებეკში, კოპენჰაგენის სიახლოვეს მდებარეობს და 4000-მდე ხელოვნების ნიმუშს, მნიშვნელოვან ექსპონატებსა და უამრავი ცნობილი ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. მათ შორისაა ენდი უორჰოლის, რობერტ რაუშენბერგის, ალბერტო ჯაკომეტის, პაბლო პიკასოს, ივ კლაინის, დევიდ ჰოკნის, მარიო მერსის და სოლ ლევიტის ნამუშევრები.

ისტორიული ნაგებობა დაახლოებით 170 წელს ითვლის, თუმცა ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა სახელი და დანიშნულება 1958 წელს მიიღო, განახლებამდე ის კერძო ვილა იყო. არქიტექტორებმა - იერგენ ბომ და ვილჰელმ ვოლერტმა მუზეუმი მოდერნისტულ სტილში, ბუნებრივი ლანდშაფტის და გარემოს გათვალისწინებით განაახლეს, რომელსაც საფუძვლად კალიფორნიული და მინიმალისტური იაპონური არქიტექტურა დაედო. 

გარდა მნიშვნელოვანი მუდმივი კოლექციისა, ლუიზიანას მუზეუმი აერთიანებს გამოფენების მრავალფეროვან პროგრამას. მუზეუმში ხშირად ეწყობა იმპრესიონისტებისა და ექსპრესიონისტების ნამუშევრების გამოფენები. მაგალითად, მუზეუმმა უმასპინძლა კლოდ მონეს შერჩეული ნამუშევრების გამოფენას. მუზეუმი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაზე, როგორიცაა ევროპული არტ ნუვო ივ კლაინთან ერთად, ამერიკული პოპ არტი უორჰოლთან და ლიხტენშტეინთან ერთად, გერმანული ხელოვნება 1980-იან წლებში კიფერთან და ბაზელიცთან ერთად და ვიდეო ხელოვნება 1990-იანი წლებიდან.

ასევე, ხელოვანები ხშირად სპეციალურად მუზეუმისთვის ქმნიან ნამუშევრებს, რამდენიმე წლის წინ ოლაფურ ელიასონმა ინსტალაცია "მდინარის კალაპოტი" შექმნა, რომელიც სამ განყოფილებას აერთიანებდა და ხაზს უსვამდა როგორც ხელოვნებას, ისე არქიტექტურასა და ბუნებას. აქვე წარმოდგენილია იაიოი კუსამას ლირიკული ხელოვნების ნიმუში - Gleaming Lights of the Souls, რომელიც მუზეუმის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია 2008 წლიდან. კუსამას ნამუშევარი სარკეებით დაფარულ კედლებსა და ჭერს, უამრავ ნათურას აერთიანებს, რომლის ფერთა ცვალებადობა და ვიზუალური ეფექტი დამთვალიერებლისთვის საინტერესო გამოცდილებას ქმნის. 

ლუიზიანას ხელოვნების მუზეუმი გარშემორტყმულია სკულპტურული ბაღით, რომელიც ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრებს აერთიანებს. ბაღში შეხვდებით ჰენრი მურის, ალექსანდრე კალდერის, ჟან არპის, მაქს ერნსტის, მაქს ბილის, ენზო კუჩის, ჰენრი ლორენსის, ლუის ბურჟუასა და კიდევ უამრავი ხელოვანის შექმნილ სანახაობრივ სკულპტურებს. მუზეუმს ყოველწლიურად 700 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. განსაკუთრებული გამოფენებით, დინამიკური პროგრამითა და მუდმივად მზარდი კოლექციით  მუზეუმი აღიარებულია მთელ მსოფლიოში და თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სივრცედ ითვლება, რომელიც აერთიანებს მე-20 და 21-ე საუკუნეების ხელოვნებას.



ფოტოს წყარო: Louisiana Museum of Modern Art