ახალი წლის მოახლოება და ამაღლებული განწყობა უკვე იგრძნობა ლონდონში, სადაც იტალიურმა მოდის სახლმა Loro Piana-მ Harrods-ის შენობა საზეიმოდ გააფორმა და ასობით ნათურით გაანათა. ახალი წლის გარდა, 1924 წელს დაარსებული მოდის სახლი ასევე აღნიშნავს 100 წლის იუბილეს და გამორჩეული დიზაინით აერთიანებს Harrods-ის 36 ფანჯარას, Brompton Road-ის ფასადს, პოპ-აპ მაღაზიებსა და ბუტიკს, თითოეული კი ხაზს უსვამს Loro Piana-ს ასწლოვან მემკვიდრეობას, ხელობას, ოსტატობას და ახალ, საზეიმო პროექტს, სახელწოდებით - The Workshop Of Wonders.

IMG_5637.jpeg 829.51 KB

შენობა საზეიმოდ 7 ნოემბერს განათდა და დამთვალიერებლებს 2025 წლის 2 იანვრამდე უმასპინძლებს. ოქროსფერი განათებებით გაფორმებული მბზინავი შენობის ფანჯრებში მოდის სახლის ისტორიები იკითხება, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ აღმოაჩინონ როგორ მზადდება სხვადასხვა ნივთი, რა გზას გადის თითოეული მათგანი ქსოვილის დამზადებიდან მომხმარებლამდე. დიდი ყურადღება ეთმობა სახლის განუყოფელი ქსოვილის - ქიშმირის შექმნის მეთოდებსა და ისტორიას, რომელსაც The Workshop Of Wonders როგორც ხის, ისე რბილი სათამაშოებით, დეკორაციებითა და მინიატიურული ნივთებით გვიყვება. 

საზეიმო დეკორაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია 17-მეტრიანი განათებული ნაძვის ხე, რომელიც მორთულია ქსოვილების ნაწილებითა და ექსკლუზიური ორნამენტებით. The Workshop Of Wonders ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ Loro Piana-ს შეზღუდული გამოცემის კოლექციები, რჩეული და სადღესასწაულო ექსკლუზიური ნივთები შეიძინონ. შენობაში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის სამოსი, ფეხსაცმელები, ჩანთები, აქსესუარები, ინტერიერის დიზაინის ნივთები, საბავშვო და სათამაშოების კოლექციები, თითოეული ნივთი იშვიათი და უმაღლესი ხარისხის ქსოვილით არის დამზადებული და გაფორმებულია ზედმიწევნით შერჩეული დეტალებით. 

კიდევ უფრო საზეიმო განწყობის შესაქმნელად Loro Piana მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ინდივიდუალურად შექმნან სადღესასწაულო დეკორაციები. Inside Door 9 - სახელოსნოში სხვადასხვა შეხვედრა იმართება, რომლის წინასწარ დაჯავშნით სტუმრებს შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი უნარები და ისწავლონ, როგორ შექმნან სპეციალური სადღესასწაულო ორნამენტები სახლისთვის საკულტო ქიშმირის ქსოვილით.



ფოტოს წყარო: Loro Piana