ლონდონის შუაგულში, ცნობილ New Bond-ის ქუჩაზე Jacquemus-ის ბუტიკ-მაღაზია გაიხსნა, რომელიც სახლის დამფუძნებლის - სიმონ პორტე ჟაკმუსის OMA-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. მაღაზია ძველი სამხატვრო გალერეის შენობაში მდებარეობს, რომელიც ოთხ სართულს აერთიანებს, მისი განახლებული ინტერიერის დიზაინი კი ხმელთაშუა ზღვით არის შთაგონებული, მაღაზიის ესთეტიკა ასევე ეხმიანება - პროვანსს, ადგილს, სადაც დაიბადა და გაიზარდა სიმონ პორტე ჟაკმუსი.
უახლესი მაღაზიის პროექტს კრის ვან დუინი ხელმძღვანელობდა, რომლის მთავარი მიზანი იყო ტრადიციულ, ვიქტორიანული სტილის ნაგებობაში გაეცოცხლებინა ხმელთაშუა ზღვის ატმოსფერო. კრემისფერი ქვის იატაკითა და კედლებით, სადა დეკორაციებით, ნეიტრალური ტონებითა და შერჩეული ავეჯით Jacquemus-ის ლონდონის მაღაზია დახვეწილ სტილსა და მინიმალიზმს უსვამს ხაზს. სივრცე სართულების მიხედვით აერთიანებს ახალ კოლექციებს - ქალისა და მამაკაცის სამოსს, აქსესუარებს, ფეხსაცმელებს და ჩანთებს.
მსგავსად ნიუ-იორკის მააღაზიისა, ლონდონის ბუტიკშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნებას და დიზაინს - აქ 50-მდე სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევარს და საინტერესო კოლექციას შეხვდებით, მათ შორის რაულ დიუფის, ვოლფგანგ ტილმანსის, ჰენრი მურის, ემილ-ჟაკ რულმანის, ჯოზეფ ჰოფმანის, ჰენრი ლორენსის ნამუშევრებს.
‘’ძალიან ამაყი ვარ, რომ გავხსენით ბუტიკ-მაღაზიები პარიზში, სენ-ტროპეში, Courchevel-ში, ნიუ-იორკში და ახლა - ლონდონში. OMA-სთან ერთად ჩვენ შევქმენით სივრცე, რომელიც ეხმიანება სამხრეთ საფრანგეთს. აქ თითოეული მასალა, ნამუშევარი და ავეჯი საგულდაგულოდ არის შერჩეული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლონდონში კომფორტული და დახვეწილი სივრცის შექმნა, სადაც მომხმარებელს შეუძლია თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.’’ - აღნიშნავს სიმონ პორტე ჟაკმუსი.
ფოტოს წყარო: Jacquemus
დაწერე კომენტარი