რა კარგია, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, თბილისის კინოფესტივალი ასეთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი პროგრამით ბრუნდება!


ალბათ ბევრს გაქვთ კითხვა - ''რა დროს კინოა?'', მაგრამ დარწმუნებით გიპასუხებთ, კინოთეატრში მისვლა ძალის მოკრების საუკეთესო საშუალებაა. კინო ხომ ზუსტად ის თავშესაფარია, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ გვჭირდება. თავშესაფარი, რომელიც გაგვაძლიერებს, ახალ ხმას გვაპოვნინებს და კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, რისთვის ღირს ცხოვრება.მეც ბოლო წამამდე გადავდე ყველა ფილმის ნახვა და ამ დიდი სიიდან მხოლოდ ორი სრულიად განსხვავებული ავტორის ფილმი მაქვს ნანახი. ორივეს ნახვას გირჩევთ და შევეცდები ''სპოილერების'' გარეშე გავიხსენო შთაბეჭდილებები.

MV5BNDNjNDI5ZmQtN2U1ZC00ODYyLTk1ZWEtYjYyNDkwMDNmNjU1XkEyXkFqcGc@._V1_.jpg 1.39 MB
ელენე მიქაბერიძის ''ლურჯი მოცვი'' - დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის საზღვართან მცხოვრებ არაჩვეულებრივ ოჯახზე. ამ ფილმში სტროფებს შორის ჩანს გაყინული კონფლიქტი, სოციალური უსამართლობა, აუხდენელი ოცნებები, სიყვარული თუ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები. მელაძეების ოჯახი აუცილებლად შეგიყვარდებათ, უმალ მოგინდებათ მათი ახალგაშენებული მოცვის გასინჯვა და ჯადოსნურ სოსოსთან, გიორგისთან, ნინოსა და ლაზარესთან დამეგობრება.


ჩემთვის ეს არის მეზღაპრის თვალით დანახული სიდუხჭირე და ოკუპაცია, რადგან ფილმის შინაარსი და ფორმა ერთგვარ კონტრაპუნქტშია. ქართველი მაყურებელი თითქოს მიჩვეულია, რომ მსგავსი თემები მხოლოდ უარყოფით ემოციას უნდა იწვევდეს; ელენე მიქაბერიძის სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერით დანახული სამყარო კი მთელი ფილმის განმავლობაში უჩვეულო ღიმილს გვგვრის. ფილმის ყურებისას ჩემს გვერდით  მსხდომი ადამიანების თავზარდაცემის უნებლიე მოლოდინი მახსოვს, მაგრამ მიქაბერიძე მუდამ ირჩევს სინათლეს და ამ ღიმილისმომგვრელ თავგადასავალში მაინც გაიძულებთ თქვენს თავს მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვათ - როდის ვიცხოვრებთ უკეთეს ქვეყანაში? როდის აუხდებათ მოზარდებს ნატვრა? წავა ქართული მოცვი ევროპაში? აყვავდება ისევ ნუში?!

April-236323878-large.jpg 122.75 KB
არ გამოტოვოთ დეა კულუმბეგაშვილის ''აპრილის'' ნახვის შანსი დიდ ეკრანზე. ჩემი აზრით, ამ ფილმის ხმის და გამოსახულების არაჩვეულებრივი სინთეზის აღქმა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ექსტერიერები ცალკე გამოცდილებაა - როცა აპრილის წვიმა მოდის, დარბაზშიც წვიმს, როცა მანქანა გზაზეა, მაყურებელიც მგზავრობს. ქარის დროს ქარი გიბერავთ, ქარიშხლისას ქარიშხალში ეხვევით და მთელი სხეულით გრძნობთ იმას, რაც გარემოს ემართება. მოკლედ, ჩემსავით ბუნების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებისთვის ამ ფილმს ცალკე შრე აქვს.


არაფერი რომ ვთქვა, დეა კულუმბეგაშვილის რადიკალურ ხმაზე,უჩვეულოდ მკაცრ და პირქუშ ატმოსფეროზე, რომელიც ძალიან ხმამაღალია. უბადლო მსახიობებზე (ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი), რომლებიც, როგორც ყოველთვის, ოსტატურად ერწყმიან ამ გამომწვევ გარემოებებს.


და ყველაზე მნიშვნელოვანი - ფილმის მთავარი თემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და ხშირად. ქალის ოპრესია და აბორტი. ამ თემების ავტორისეული თხრობა თითქოს ჩვენს შავბნელ რეალობას სცდება კიდევაც, მაგრამ მომენტებში ხელის სხარტი დარტყმით გვახსენებს, ჯერ კიდევ რამდენი ბრძოლა გვაქვს საქართველოში მოსაგები. და რა სამწუხაროა, რომ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს კანდიდატი “აპრილი” არ არის, რადგან სწორედ ამ ფუნდამენტური უფლებებისთვის იბრძვიან ახლა შტატებშიც.


და ბოლოს, ნახეთ ყველა ქართული ფილმი, მათ შორის - მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ნუ დატოვებთ დარბაზს ცარიელს, თუ თქვენი მეგობრის ფილმი არ გადის. უგულშემატკივრეთ ქართულ კინოს, თავისუფალ ხმებს და გაზარდეთ მაყურებელი. მე თვითონ ერთი სული მაქვს ვნახო ტატო კოტეტიშვილის და ირინა ჟორდანიას ფილმები!


ნატალია ჯუღელი, 

ნატო ვაჩნაძის ფონდის დირექტორი,

მსახიობი


წლევანდელი კინფოესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი


ფოტო: გიორგი დობრევი