Bentley Centre Tbilisi წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენების სერიას, სახელწოდებით Bentley Exhibitions, რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში სხვადასხვა ქართველი არტისტის ნამუშევრები გამოიფინება. დამთვალიერებელი პირველ გამოფენას 14 მარტიდან იხილავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა ხელოვანი მაკო ლომაძე და 12-მდე ნამუშევარს წარმოადგენს. ვიზიტორები ორი თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში აღმოაჩენენ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც ტრადიციისა და თანამედროვეობის დიალოგს წარმოადგენს და ეხმიანება Bentley-ს სრულყოფილებისკენ სწრაფვას.
Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რომელიც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ ბალანსს მოისაზრებს და ზრუნავს მომავალზე, რომელშიც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება ეკოლოგიურ მდგრადობას. სწორედ საერთო ღირებულებები, ინდივიდუალიზმის გამოხატვა, ხელობა, ბუნებისადმი პატივისცემა და გარემოსდაცვითი ცნობიერება აერთიანებს ხელოვანებსა და Bentley-ს. თითოეული ხელოვანის შემოქმედება, რომლებსაც სერიებად ვიხილავთ, დაკავშირებული იქნება Bentley-ს ხედვასთან.
Bentley Exhibitions პირველად უმასპინძლებს მაკო ლომაძის პერსონალურ გამოფენას, რომელსაც "Point Nemo" ეწოდება და ბუნებისა და ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს. გამოფენაზე სტუმრები ორ სერიას იხილავენ, რომლებიც ერთად იკვლევენ ბუნების ტრანსფორმაციულ ძალას და წარმოადგენენ პიროვნული ზრდის მოგზაურობას. მაკო ლომაძე იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი შემოქმედებითი პროცესი საწყისს იღებს შინაგანი რეფლექსიიდან, ნამუშევრები კი მდიდარია სიმბოლიზმითა და საინტერესო ნარატივებით.
ლეგენდარული ბრიტანული ბრენდი საქართველოში შოურუმით 2024 წლის ნოემბერში გაიხსნა და უკვე მასპინძლობს განსხვავებული კონცეფციის ღონისძიებებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სახელოვნებო გამოფენების სერია. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.
დაწერე კომენტარი