მრავალწლიან ისტორიაში პირველად, ლუვრის მუზეუმი მოდისადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც ერთ სივრცეში 45 მოდის სახლისა და დიზაინერის 100-ზე მეტ კოსტიუმს, სამოსსა და აქსესუარებს აერთიანებს. Louvre Couture: Art and Fashion: Statement Pieces - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დამთვალიერებლისთვის 21 ივლისამდე იქნება ღია და უნიკალურ არტეფაქტებსა და თანამედროვე მოდის ნიმუშებს წარმოადგენს. გამოფენაზე შეხვდებით ნივთებს, რომლებიც 1960 წლიდან დღემდე შეიქმნა.
ექსპოზიცია სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ხელოვნებასა და მოდას მოიცავს, რის მიხედვითაც მუზეუმის სივრცეში რამდენიმე განყოფილებაა განთავსებული, მათ შორის არის ბიზანტიური ხანა, რენესანსის ეპოქა, Grand Siècle და მე-18, მე-19 საუკუნეები. ბევრი ლეგენდარული დიზაინერი, მაგალითად, კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი და კარლ ლაგერფელდი ლუვრის მუზეუმის ხშირი სტუმრები იყვნენ და ხშირად სწორედ აქ ნანახ შედევრებში პოულობდნენ შთაგონებას. შესაბამისად, ეს ურთიერთობა და კავშირი კარგად ჩანს გამოფენაზე.
მუზეუმში განთავსებული ნიმუშებიდან აღსანიშნავია Dior-ის აბრეშუმის კაბა, რომელიც ჯონ გალიანომ 2006-2007 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შექმნა, ასევე Balenciaga-ს ხავერდოვანი კაბა, რომელიც განთავსებულია ნაპოლეონ III-ის სასადილო ოთახში, შეხვდებით კარლ ლაგერფელდის Chanel-ის ქვედაბოლოს 2019 წლის გაზაფხულის კოლექციიდან, ლურჯი და თეთრი ნაქარგი მოტივით, რომელიც შთაგონებულია მე-18 საუკუნის Louise Julie de Mailly-Nesle-ს კომოდით ლუვრის კოლექციიდან.
„შთაბეჭდილება, რომელიც მსურს ხალხს ამ გამოფენიდან დარჩეს, არის ის, რომ მუზეუმები ძალიან თავისუფალი და თანამედროვე სივრცეებია. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ის, რაც ერთი შეხედვით ძველ კოლექციას ჰგავს, შეიძლება იყოს სრულიად თანამედროვე შთაგონების თვალსაზრისით. მოდის ლეგენდარულ დიზაინერებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ ლუვრის მუზეუმთან, ისინი ხშირად სტუმრობდნენ და კარგად იცნობდნენ ლუვრის კოლექციებს. სწორედ ამ კავშირის ჩვენება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ გამოფენაზე მუშაობისას”, - აღნიშნავს ოლივიე გაბეტი, ლუვრის მუზეუმის ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი და კურატორი.
დაწერე კომენტარი