ფრანგული დისკო-პოპის ლეგენდარული ბენდი L’Impératrice 6 სექტემბერს საქართველოს ეწვევა და პარიზულ რეტრო-ფუტურიზმს თბილისში, District 4-ის სცენაზე გააცოცხლებს. L’Impératrice-ის დასამახსოვრებელი შოუ სადებიუტო იქნება ახალი ქართული მუსიკალური პლატფორმა Music Cookz-ისთვის, რომლის მიზანია ქვეყანაში მუსიკალური კულტურა გააღვიძოს, ახალგაზრდა თაობას მსოფლიო სცენის ყველაზე აქტუალური არტისტები გააცნოს და ძლიერი, ემოციური მუხტით მუსიკის მოყვარულებს სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზოს. Music Cookz-ის გუნდი ვრცლად მოგვიყვება პლატფორმის კონცეფციასა და მათი პირველი ღონისძიების შესახებ:


როგორ შეიქმნა Music Cookz, რა იყო მისი დაფუძნების მთავარი იდეა და შთაგონება?


Music Cookz-ის უკან დგას იდეა, შეგვექმნა ძლიერი ემოციური მუხტის მქონე პლატფორმა, რომელიც სრულიად ახალ შთაბეჭდილებებს აღძრავდა მუსიკის მოყვარულთათვის. ასე ვიპოვეთ კონცეფცია, რომელიც გემოებისა და საუნდების შერწყმას ისახავს მიზნად. Music Cookz - ეს არის მუსიკალური შოუების სერია, რომლის მიზანია, გააღვიძოს მუსიკალური კულტურა ქვეყანაში და ახალგაზრდა თაობას გააცნოს მსოფლიო სცენის ყველაზე აქტუალური არტისტები.

VgXMLNvXRtVoLOsY9sOYwCN8KIPZqUkeXhNrS4j7.jpg 207.2 KB

რით არის გამორჩეული ახალი პლატფორმა და რაში გამოიხატება მისი უნიკალური ხასიათი? მოგვიყევით Music Cookz-ის განსხვავებული კონცეფციის შესახებ.


Music Cookz იქმნება კონკრეტული შემსრულებლების იდენტობაზე მორგებული ფორმატით. თითოეული შოუს კონცეფცია, ვიზუალური კომუნიკაცია, დიზაინი და მერჩენდაიზი ეფუძნება არტისტის პერსონალურ სტილსა და კულინარიულ გემოვნებას - ეს კი ნიშნავს, რომ ყოველი ღონისძიება ჩანასახიდანვე უნიკალური იქნება. Music Cookz გამორჩეულია იმითაც, რომ პროექტზე და თითოეული შოუს დაგეგმვაზე მუშაობს კრეატიული სააგენტო, რომელიც პირველად საქართველოში ქმნის ასეთ სიღრმისეულ კოლაბორაციას გასართობ ინდუსტრიასთან.


ვინ იქნება Music Cookz ღონისძიებების მთავარი აუდიტორია და რა არის პლატფორმის მთავარი მიზანი?


Music Cookz ყველასთვისაა, ვესაუბრებით ყველას, ვისაც ჩვენი მოსმენა უნდა. ვფიქრობთ, რომ ძირითადი აუდიტორია მაინც GenZ და მილენიალები იქნებიან, ვინაიდან ესთეტიკაც და ამბავიც სწორედ მათი გამოცდილებიდან წამოვიღეთ. ეს მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ შოუები არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ კულტურულადაც რელევანტურია ამ აუდიტორიისთვის.


როგორც ვიცით ღონისძიებებს რადიო სითი უმასპინძლებს, რატომ შეირჩა და როგორ ეხმიანება ეს სივრცე Music Cookz-ის კონცეფციას?


რადიო ქალაქი არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მრავალფეროვან გამოცდილებას გვთავაზობს. აქ შეგვიძლია შეუზღუდავად ავითვისოთ როგორც ინტერიერი, ასევე მრავალფეროვანი გარე სივრცეები და შევქმნათ ზუსტად ისეთი შოუ, როგორიც წარმოგვიდგენია. არტისტები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც საქართველოში, ასევე გლობალურადაც. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ღონისძიებებისთვის შედარებით დიდი და მოქნილი სივრცე გვჭირდება. შესაბამისად, რადიო ქალაქში არსებული District 4, რომელსაც 12000-ზე მეტი ადამიანის მასპინძლობა შეუძლია, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენთვის სამომავლოდაც.


რამდენად ერწყმის პლატფორმის იდეები და სივრცის დიზაინი ერთმანეთს?   


რადიო სითი და კონკრეტულად, District 4 არის ძალიან მოქნილი სივრცე, რომელიც დიზაინის კუთხით სრულ თავისუფლებას გვაძლევს. თავის მხრივ, District 4-ის სივრცეს გააჩნია მტკიცე ხასიათი, გამორჩეული ესთეტიკა და ატმოსფერო, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელია და განსაკუთრებით უხდება მუსიკალურ ღონისძიებებს. მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე პლატფორმის კონცეფციასთან იდეალურ ჰარმონიაშია. 

IMG_1875.jpeg 200.8 KB
Music Cookz-ის ღონისძიებების სერიის პირველი შემსრულებელი L’Impératrice იქნება, მოგვიყევით როგორ შეირჩა ფრანგული ბრენდი პლატფორმის სადებიუტო ღონისძიებისთვის?


L’imperatrice ერთხელ უკვე იყო საქართველოში. ვიცოდით, რომ მსმენელი ძალიან კმაყოფილი იყო და ისევ ელოდა ამ ბენდთან შეხვედრას. ვინაიდან მათ ახლა საერთაშორისო ტური ჰქონდათ, ვიფიქრეთ, რომ ისევ შეგვეთავაზებინა თანამშრომლობა და როგორც ხედავთ, გამოვიდა. ისეთი დიდი სცენების შემდეგ, როგორებიცაა, Coachella და Primavera Sound, L’imperatrice საქართველოში დაბრუნდება.


რა გეგმები აქვს Music Cookz-ს პირველი ღონისძიებისთვის, რა დახვდება ადგილზე მოსულ მსმენელს და რა იქნება ღონისძიების მთავარი მახასიათებლები, რაც მას გამორჩეულს გახდის?


მუსიკალური შოუების სერიის პირველი ღონისძიება 6 სექტემბერს, District 4-შია დაგეგმილი. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს დღე განსაკუთრებით შთამბეჭდავი უნდა იყოს. L’imperatrice ცნობილია ეფექტური შოუებით, განსაკუთრებული - ფუტურისტული დიზაინითა და მკვეთრი დეკორაციებით. შესაბამისად, ეს არ იქნება მხოლოდ მუსიკალური საღამო, ეს იქნება შთამბეჭდავი შოუ, რომელიც უამრავ ემოციას აღძრავს და ბგერებისა და ვიზუალების ფეიერვერკს შემოგვთავაზებს.