ახლა, როდესაც ამ ტექსტს ვწერ, ილუმინატორიდან ბავარიის ალპები მოჩანს. სიმბოლურია, რადგან სტატია სწორედ ბავარიას უკავშირდება. არა, მიუნხენში არ მივფრინავ, გეზი უფრო ჩრდილოეთით მაქვს, თუმცა ეს სტატია არც ჩემი ამ კონკრეტული მოგზაურობის შესახებაა და არც ბავარიის ისტორიასა თუ ღირსშესანიშნაობებზე. ბოლო კვირები საკმაოდ დატვირთული მქონდა - გადაღებები, პრეზენტაციები, ვახშმები და ვერ შევძელი თქვენთვის მომეყოლა ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ტურის შესახებ. სანამ კოპენჰაგენში ჩავფრინდები, ყველაფერს კარგად გიამბობთ.
ტური ყველასთვის კარგად ნაცნობმა, საკულტო ბავარიულმა ავტომობილის ბრენდმა - BMW-მ დაგეგმა. 5 დღე საქართველოში ახალი BMW X3-თ. ბავშვობის შემდეგ საქართველოში არ მიმოგზაურია, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
ტური ბათუმიდან დაიწყო. მონაწილეობდნენ რამდენიმე ქვეყნის - შვეიცარია, მაკედონია, თურქეთი, ეგვიპტე, - წარმომადგენლები. საქართველოდან ჩემი მეწყვილე More is Love-ის და 0714-ის დამფუძნებელი ნინო ელიავა იყო. არა უბრალოდ მეწყვილე - საუკეთესო მძღოლი - საუკეთესო ფლეილისტით. როგორც ნინჩომ მითხრა, მძღოლი ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად გრძნობს თავს თანამგზავრი. I was like passenger prince, so it means Nincho is a best driver.
ბათუმში, Rooms-ში დავბინავდით. აქამდე ვერ მოვახერხე იქ დარჩენა, რადგან რამდენჯერაც დავაპირე, სრულად დაჯავშნილი იყო. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩნდა სასტუმროს 70-ების ინსპირაციით შექმნილი ნომრების დიზაინი. აუზზე და რესტორანში აქამდეც ვიყავი ნამყოფი, თუმცა, ვფიქრობ, ყოველთვის კარგი იდეაა აქ დაბრუნება, თუნდაც მხოლოდ ხედების გამო პორტსა და ქალაქზე.
პირველ დღეს 6 სხვადასხვა ფერის და კომპლექტაციის BMW X3-ით შავიზღვისპირეთში, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადგილას - მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღში გავემგზავრეთ. თავდაპირველად თვალწარმტაცი ხედის ფონზე ლანჩი გვქონდა “ბოტანიკოში”, შემდეგ ბოტანიკურ ბაღში გავისეირნეთ, სადაც ლამაზი კადრების გადასაღებად ბაღის ყველაზე ასაკოვან ხესთან შავი BMW X3 დაგვხვდა. ბოლო გაჩერება ბაღში - ზიპლაინი, რომელიც ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილება იყო. საღამოს Rooms-ის ტერასაზე, პორტიდან გამავალი გემების ფონზე, გემრიელი ვახშამი მოგვართვეს, ღამე კი ჩვენ თვითონ გავედით იახტით ზღვაში.
მეორე დღეს ბათუმიდან მარტვილის კანიონის მიმართულებით გავემგზავრეთ. დანიშნულების ადგილამდე საშუალება გვქონდა მანქანები სხვადასხვა ტიპის გზაზე გამოგვეცადა. საინტერესო და შთამბეჭდავი იყო X3-ის შესაძლებლობების გაცნობა. ამინდმა გაგვიმართლა და კანიონში ნავებით მზის სხივების ფონზე გავცურეთ. შემდეგ ქუთაისში, სასტუმრო “ნიუ პორტში” დავბინავდით და ვახშმისთვის იქვე, ცნობილ ქუთაისურ რესტორან “დებს” ვესტუმრეთ.
მესამე დღეც ქუთაისში, ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო და თბილისში, “სტამბაში” დაბინავებით, შოკოლადის მინი მასტერ-კლასითა და სანთლების ფონზე ლამაზი ვახშმით დასრულდა.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მე და ნინჩომ ვეღარ მოვითმინეთ, დავარღვიეთ გერმანული წესრიგი და თბილისში უფრო სწრაფად ჩამოვედით, ვიდრე ტურის სხვა წევრები. აქამდე მწყობრში წინასწარ განსაზღვრული ნუმერაციით დავდიოდით, თუმცა დრო იყო წესები დაგვერღვია, რადგან სრულად გამოგვეცადა X3-ით მგზავრობის კომფორტი და მართლაც ყველაზე კარგად ამ მონაკვეთში ვიგრძენით მანქანის შესაძლებლობები.
მეოთხე დღეს უდაბნოში გავემგზავრეთ, სადაც მალე აჭარა ჯგუფის ახალი, საინტერესო კონცეფციის ობიექტი გაიხსნება, თუმცა მანამდე სპეციალურად ჩვენთვის ლამაზი და გემრიელი ვახშამი მოეწყო უდაბნოს პროდუქტებით. უდაბნომდე მისასვლელი გზა არც ისე კარგია, ზოგან რთული მონაკვეთებიცაა, თუმცა როცა X3-ში ზიხარ, ამას დიდად ვერ გრძნობ.
გზა წინანდლისკენ გავაგრძელეთ, სადაც Radisson Collection-ში დავბინავდით, ამ სასტუმროში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან კვიპაროსების მიღმა ღრუბლებში ჩაფლული კავკასიონი ყოველთვის განსხვავებული და შთამბეჭდავია. მალევე იქვე, ვენახში გავეშურეთ წინანდლის მამულების ღვინის დეგუსტაციასა და ხინკლის მასტერ-კლასზე. და ბოლოს ჩვენი 4-დღიანი შთაბეჭდილებებით და ახალი გამოცდილებებით სავსე ტური სანთლების შუქზე გამართული ვახშმით დასრულდა. ჩემი თვითმფრინავიც უახლოვდება დანიშნულების ადგილს, ამიტომ მეც დაგემშვიდობებით.
დაწერე კომენტარი