ალდო როსი პირველი იტალიელი არქიტექტორია, რომელმაც დარგში თავისი მნიშვნელოვანი მიღწევებისა და წვლილის გამო 1990 წელს პრიცკერის პრემია მოიპოვა. როსის არქიტექტურაში მუდმივად შეინიშნება კულტურული ტრადიციების გათვალისწინება და მისადმი პატივისცემა, ურბანულ არტეფაქტებზე დაყრდნობით მან არაერთი საინტერესო, წარსულით შთაგონებული და თანამედროვე ელემენტებით დაპროექტებული შენობა შექმნა, რამაც იგი პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად აქცია.

adfwebmagazine_aldo_rossi1.jpg 496.42 KB
ალდო როსის არქიტექტურამ სახელი გაითქვა 1970-იანი წლების ბოლოს, მისი პროექტებიდან ყველაზე მასშტაბურად მოდენაში, იტალიაში მდებარე კატალდოს სასაფლაო ითვლება, რომლის დაპროექტება მან 1971 წელს დაიწყო და "მიცვალებულთა ქალაქი" უწოდა. ეს იყო სწორედ ის გარდამტეხი პროექტი, რომელმაც არქიტექტორს პირველი პრიზი მოუტანა და შესაბამისად, ალდო როსის დამახასიათებელი ხედვა საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიცნო. პროექტამდე რამდენიმე წლით ადრე როსიმ წიგნი გამოსცა, სადაც თავი მოუყარა თავის თეორიებს, მიდგომებსა და მოსაზრებებს არქიტექტურაში.
b0a6cc72-9060-4ad6-98c8-4238e4eaa8f3.jpeg 528.66 KB
როსის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით განმეორებად მოტივებს, იგი მუდმივად მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტებით მუშაობდა და მიჰყვებოდა ერთი და იმავე პრინციპს. 1979 წელს ვენეციის ბიენალესთვის როსიმ დააპროექტა მცურავი თეატრი - Teatro del Mondo, რომელმაც მოდერნისტული ელემენტების ვენეციის საზღვაო მემკვიდრეობასთან გაერთიანება წარმოადგინა. ასევე სპეციალურად ვენეციის ბიენალესთვის 1984 წელს როსიმ დააპროექტა თაღი, რომელიც გამოფენის შესასვლელს ამშვენებდა.
09-Santi-Caleca-Aldo-Rossi-Centro-Direzionale-Perugia-1989-p.jpg 244.98 KB
როსის მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის 1981 წლის შენობა - სახლი ფრიდრიხშტადტში, რომელიც მისი პირველი ნაგებობაა ბერლინში, სადაც შემდგომში მან არაერთხელ იმუშავა. სახლი შექმნილია წითელი აგურებითა და თეთრი სვეტებით, რაც არქიტექტორის ხელწერას უსვამს ხაზს. ასევე, პიაცა ნუოვა, რომლის პროექტის ბოლომდე დასრულება ვერ მოხერხდა. ნაგებობა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ცენტრში აშენდა და ხაზს უსვამს როსის ხედვას - ქალაქ პერუჯის ისტორიული ტრადიციების შერწყმას თანამედროვეობასთან.
aldo-rossi-morris-adjmi-architects-nacasa-partners-inc-il-palazzo-hotel.jpg 314.85 KB
ალდო როსის ინტერესის მნიშვნელოვანი საგანი იყო თეატრები, რომლებიც მის პროექტებში ხშირად გვხვდება, ერთ-ერთი მათგანია გენუაში მდებარე თეატრი - Teatro Carlo Felice, რომელსაც არქიტექტორმა მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანის შემდეგ, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარა და ზედმიწევნით აღადგინა, რამაც ნაგებობა ქალაქის ღირსშესანიშნაობად აქცია. როსის ეკუთვნის ფუკუოკაში Hotel IL Palazzo-ს პროექტიც, რომელიც აზიური და ევროპული დიზაინის შერწყმას წარმოადგენს. ეს იყო როსის პირველი პროექტი იაპონიაში. მისი შემოქმედება აერთიანებს უამრავ სხვადასხვა ტიპის შენობას, იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებლები, ვილები, ოფისები თუ მონუმენტური ნაგებობები.
aldorossi_00001.jpg 93.08 KB
გარდა არქიტექტურისა, ალდო როსიმ ასევე სახელი გაითქვა სხვადასხვა სფეროში - იყო წარმატებული თეორიტიკოსი, მასწავლებელი, ავტორი, მხატვარი და დიზაინერი, მუშაობდა პროფესორად რამდენიმე  სასწავლებელში და ასევე წლების განმავლობაში რედაქტორობდა არქიტექტურულ ჟურნალს - Casabella-Continuità.