არნე იაკობსენი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი და არქიტექტორი გახლდათ, რომლის ნამუშევრებიც გამოირჩევა ფუნქციონალიზმით, ელეგანტური, დახვეწილი ფორმებითა და სკანდინავიური მინიმალიზმის დეტალებით. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს როგორც ავეჯისა და ინტერიერის დიზაინს, ისე არქიტექტურას. წლების განმავლობაში იაკობსენის არაერთმა ნამუშევარმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება და მისი კარიერა უამრავ წარმატებულ პროექტს ითვლის, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მას საკულტო დიზაინის სკამებმა მოუტანა, რომლებიც დღემდე არაერთ გამორჩეულ ინტერიერსა თუ ცნობილ მუზეუმშია წარმოდგენილი. 

არნე იაკობსენი 1902 წლის 11 თებერვალს კოპენჰაგენში დაიბადა და აქვე გაატარა მოზარდობის წლები. იგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო ესკიზების, ფორმებისა და ორნამენტების შესწავლით და სურდა მხატვრობა შეესწავლა, თუმცა დედის გავლენით დანიის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე  დაიწყო სწავლა.  ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული კარგად ჩანს მის ნებისმიერ ნამუშევარში, იაკობსენი თავიდანვე გამოირჩეოდა მხატვრული ხედვით, ფერებისა და ფორმების უნიკალური აღქმით, რამაც დიდი როლი ითამაშა ყოველმხრივ დახვეწილი ნამუშევრების შექმნაში. სტუდენტობის წლებში იაკობსენი გაიტაცა საერთაშორისო მოდერნიზმის პრინციპებმა, ლე კორბუზიეს იდეებმა, ვან დერ როეს, ფრენკ ლოიდ რაიტისა და ვალტერ გროპიუსის არქიტექტურამ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის მიერ შექმნილ ადრეულ ნამუშევრებზე. 

სტუდენტობის წლებშივე იაკობსენმა მონაწილეობა მიიღო Exposition Internationale des Arts Décoratifs - პარიზის დიზაინის გამოფენაში, სადაც სკამის დიზაინისთვის მედალი მოიპოვა. ექსპოზიცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი შემოქმედების განსაზღვრისთვისაც, იგი დაინტერესდა არტ-დეკოს, ბაუჰაუსისა და მოდერნისტული დიზაინის ინოვაციებით. სწავლის დასრულების შემდეგ, 1927 წელს, იაკობსენმა მუშაობა დაიწყო პოლ ჰენინგსენის სტუდიაში, მალევე კი  საკუთარი სტუდია დააფუძნა და აპროექტებდა საცხოვრებელ სახლებსა და ვილებს. არნეს პირველ პროექტებს ახასიათებდა თეთრი ფასადები, დიდი ფანჯრები, ბრტყელი სახურავები და მკვეთრი ფორმები, მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო ფლემინგ ლასენთან თანამშრომლობით შექმნილი სპირალური ფორმის House for the Future, კერძო ავტოფარეხით, რომელიც ზუსტად ასახავდა იაკობსენის არქიტექტურულ ხედვას და გამარჯვება მოიპოვა დანიის არქიტექტორთა ასოციაციის კონკურსში.

სახლის დიზაინის გამო იაკობსენს ულტრათანამედროვე არქიტექტორი უწოდეს, თუმცა პირველი ნამუშევარი, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება და დიდი წარმატება მოუტანა, იყო Bellavista Housing - საცხოვრებელი კომპლექსი ზღვის ხედით, რომელიც კლამპენბორგში, კოპენჰაგენის მახლობლად აშენდა. ბელავისტას თეთრფასადიანი კომპლექსი ჰორიზონტალური ფანჯრებითა და ბრტყელი სახურავით, თავიდანვე გამოირჩეოდა ლანდშაფტთან სინთეზით, რაც იაკობსენის არქიტექტურისთვის მუდმივი დამახასიათებელი ნიშანი იყო. მის მიერ შექმნილი შენობების მახასიათებელი მკაფიო გეომეტრიაა, ის ხშირად იყენებდა მასალად მინასა და ლითონს, მაქსიმალურად ცდილობდა ბუნებასთან შენობის ინტეგრირებას და კულტურას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და ფუნქციონალიზმს ერთად უყრიდა თავს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მას შემდეგ იაკობსენმა დააპროექტა სხვადასხვა საზოგადოებრივი შენობა, მათ შორის - სკოლები, მაგალითად, Munkegaard School - ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, რომლის ყველა საკლასო ოთახს აქვს პატარა შიდა ეზო, ბუნებრივი განათებისთვის.

გარდა არქიტექტურული პროექტებისა და ამ სფეროში მოპოვებული აღიარებისა, იაკობსენის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მაინც სკამები ითვლება. ის მუშაობდა ავეჯის, განათებისა და ტექსტილის დიზაინზე. ავეჯის დიზაინზე აქტიურად მუშაობა იაკობსენმა 1940-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 1952 წერს შექმნა პირველი ცნობილი მოდელი - Ant Chair, ლითონის 3-ფეხიანი მსუბუქი და პრაქტიკული სკამი Novo Nordisk-ის სასადილოსთვის, რომელიც დღემდე სკანდინავიური მოდერნისტული დიზაინის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩება. პირველ სკამს მოჰყვა ამ მოდელის უფრო განვითარებული ვერსია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სკამი - Series 7 Chair -  ფერებისა და ქსოვილების  მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია მისი ორი საკულტო და ყველაზე ცნობილი, 1958 წელს შექმნილი Egg Chair და Swan Chair - თანამედროვე დიზაინის სკამები, რომლებიც იაკობსენის კოპენჰაგენში დაპროექტებული SAS Royal Hotel-ისთვის დამზადდა. 

SAS Royal Hotel – კოპენჰაგენის პირველი ცათამბჯენი, რომლის როგორც არქიტექტურა, ისე ავეჯი, ტექსტილი, განათება და ინტერიერის დიზაინი იაკობსენის მიერ არის შექმნილი და მისი დიზაინი ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მემკვიდრეობად ითვლება. ამავე სასტუმროსთვის იაკობსენმა შექმნა AJ Lighting Series, რომელიც მოიცავს მაგიდისა და კედლის სანათებს და იმ დროისთვის ინოვაციური ფუნქციებით გამოირჩეოდა. ზოგადად არნე იაკობსენი თავის კარიერაში მუდმივად აკეთებდა აქცენტს ინოვაციური მასალებისა და ტექნიკის გამოყენებაზე, მისი მთავარი მიზანი ყოველთვის პრაქტიკულობა იყო, რომელიც ვიზუალურ დახვეწილობას ერწყმის და მთლიანობაში, ყოველი დეტალის გათვალისწინებით, იაკობსენის უნიკალურ ხელწერას განსაზღვრავს. ორგანული, ბუნებრივი ფორმების სიყვარულსა და ლანდშაფტისადმი პატივისცემას გარდა არქიტექტურისა, იგი მუდმივად გამოხატავდა ავეჯსა და ქსოვილებში.

svanen-8-sidestillet-med-7.jpg 155.78 KB

არნე იაკობსენმა თავისი მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში არაერთხელ მიიღო საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერული ჯილდო, მათ შორისაა C.F. Hansen Medal - დანიაში არქიტექტურის უმაღლესი ჯილდო, რომელიც მას არქიტექტურაში განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა, ასევე, Grand Prix - Milan Triennale,  International Design Award - American Institute of Decorators და სხვები. იაკობსენი 11 წლის განმავლობაში იყო დანიის სამეფო აკადემიის პროფესორი და ამ წლებში დანიელ არქიტექტორებს საკუთარ გამოცდილებასა და უნიკალურ ხედვას უზიარებდა. იაკობსენი აღიარებულია როგორც ინოვაციური, ჰუმანური და ფუნქციონალური ხედვის მქონე არქიტექტორი და დიზაინერი, რომლის ნამუშევრებმა გავლენა მოახდინა სკანდინავიურ მოდერნიზმსა და თანამედროვე ინტერიერის ფორმირებაზე.


ფოტო: Arne Jacobsen