CommonLand - საერთო მიწა, ასე ჰქვია კერამიკოსისა და თიხის მკვლევრის, ირინე ჯიბუტის ახალ პროექტს, რომელიც ერთ სივრცეში რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. პირადი სახელოსნო და საავტორო ნამუშევრები, საზიარო საგამოფენო პროგრამა და გალერეა, საერთო სამუშაო სივრცე და საგანმანათლებლო მიმართულება - ყველაფერი ეს ერთ სივრცეში ერთიანდება და პროექტს გამორჩეულს და საინტერესოს ხდის. CommonLand მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული კერამიკის ხელოვნების გაძლიერებასა და პროფესიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. CommonLand-ის შესახებ ვრცლად მოგვიყვება მისი დამფუძნებელი ირინა ჯიბუტი:

73ce94f8-e178-4c4a-a36d-31b9b2481928.jpeg 262.54 KB

როდის და როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა?  

 

CommonLand-ის იდეაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, ის თანდათან ჩამოყალიბდა გააზრებით, თუ რამდენად საჭიროა თანამედროვე კერამიკისთვის მსგავსი ინიციატივები.  უკვე 20 წელია კერამიკაზე ვმუშაობ, ეს ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მუდმივი პროცესი, განვითარება, მოძრაობა, კვლევა და დაუსრულებელი ძიებაა. ბოლო წლებში ჩემთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ თანამედროვე კერამიკა ხშირად ჰობი-სტილის მიმართულებით მიდის (რაც თავისთავად ცუდი არაა), თუმცა, ვფიქრობ, ქართულ მხატვრულ კერამიკას მეტი შესაძლებლობა აქვს, თუნდაც ტრადიციიდან გამომდინარე, და გული მწყდება, რომ სიღრმე, კონტექსტი და მნიშვნელობა - როგორც ხელოვნების, ისე ტრადიციული პრაქტიკის -  ამ ფონზე ცოტა იკარგება. CommonLand სწორედ ამ წერტილში გაჩნდა - ერთი მხრივ, როგორც სივრცე, რომელიც მე თვითონ მჭირდებოდა: სამუშაოდ, ფიქრისთვის, დამოუკიდებლობისთვის, კვლევისთვისა და განვითარებისთვის; მეორე მხრივ, როგორც პლატფორმა, სადაც პროფესიული კერამიკა შეიძლება ისევ გახდეს დიალოგის, გაზიარებისა და განვითარების ადგილი, რომლითაც სხვა ადამიანებიც ისარგებლებენ.

349c6a4b-c5fb-490e-b1b5-81f1036a775f.jpeg 177.67 KB

მოგვიყევით, რას აერთიანებს და მოიცავს ეს პროექტი?

 

CommonLand აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას ერთ სივრცეში. ეს არის ჩემი პირადი სამუშაო სახელოსნო, სადაც ვმუშაობ, ვიკვლევ და ვავითარებ მასალაზე დაფუძნებულ პრაქტიკას, განსაკუთრებული ფოკუსით ველურ თიხებზე. ამავე დროს, CommonLand მოიცავს საზიარო საგამოფენო პროგრამას, რომელიც გააერთიანებს როგორც გამოფენებს, ისე მოწვეული არტისტების პროექტებსა და კურატორულ ინიციატივებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო კერამიკოსებთან და შესაბამის პლატფორმებთან თანამშრომლობა, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი კერამიკული საზოგადოება და შეიქმნას ახალი პროფესიული კავშირები. აქვე წარმოდგენილია მცირე შოურუმი, სადაც გამოფენილი და ხელმისაწვდომია ჩემი საავტორო კერამიკა. CommonLand ასევე ფუნქციონირებს როგორც სამუშაო სივრცე სხვა კერამიკოსებისთვის. ადგილი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალურად მუშაობა, რესურსების გაზიარება და პროფესიულ გარემოში ყოფნა. ასევე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია საგანმანათლებლო მიმართულებაც, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, გამოცდილების გაცვლასა და პროფესიული კერამიკის განვითარებაზე.

bfe176ba-655b-4e62-bcde-c92350e7f62b.jpeg 191.65 KB
 

როგორ უკავშირდება პროექტის სახელწოდება მის კონცეფციას? 

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცოდნა და გამოცდილება არ დარჩეს დახურული - როცა ადამიანი რაღაცას ქმნის, ეს უნდა გახდეს საზიარო. სწორედ ამ გაზიარებაში ვითარდება დარგიც, საზოგადოებაც და თავად პრაქტიკაც. ცოდნა უნდა იყოს საერთო, გახსნილი და ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი საფუძველი ჩემი პირადი, თითქმის პოეტური დამოკიდებულებაა მიწასთან, ამ შემთხვევაში თიხასთან. მიწა ჩემთვის არის საწყისი, საერთო, უსაზღვრო რესურსი, რომელიც ყველას გვეკუთვნის. ის გვაძლევს მასალას, ფორმას, შესაძლებლობას თავისი მრავალფეროვანი მინერალებითა და ბუნებრივი სიმდიდრით. CommonLand სწორედ ამ იდეას ეყრდნობა - გაზიარებას, საერთო საფუძველს და იმ ურთიერთობას, რომელიც ადამიანს მასალასთან აკავშირებს. წლებია ვიკვლევ ქართულ ველური თიხის ნიმუშებს და თავდაპირველად ეს სახელიც სწორედ ამ კვლევისთვის შევარჩიე - Common Land Research. მოგვიანებით, ეს კონცეფცია ბუნებრივად გადაიზარდა და თავად პროექტის/ინიციატივის იდეასაც მოერგო.

0298ec7d-7d4f-4c27-931a-a1dbd4184077.jpeg 214.07 KB

გალერეაში უკვე გაიხსნა გამოფენა “რაკუ - ჩაის ფიალები”, რას შეისწავლის იგი და რა ნამუშევრებია წარმოდგენილი საგამოფენო სივრცეში? 

 

პროექტის გახსნა ბუნებრივად დაემთხვა გალერეის გახსნასაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ CommonLand-ის პირველი პრეზენტაცია პირდაპირ დაკავშირებული ყოფილიყო მის ძირითად იდეასთან, ცოდნის გაზიარებასა და კერამიკის კულტურის გაძლიერებასთან საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა პროექტი, რომელიც გავლენას მოახდენდა კერამიკულ საზოგადოებაზე და ერთგვარი დიალოგის დაწყების წერტილი გახდებოდა. ამ კონტექსტში გალერეა გაიხსნა რაკუს გამოფენით, როგორც კულტურული პრაქტიკის შემოტანისა და გაზიარების მცდელობა. რაკუ არის კერამიკის ტექნიკა, რომელიც მე-16 საუკუნის იაპონიაში ჩაისახა და მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩაის ცერემონიასთან. მისი ფილოსოფია ეფუძნება უშუალობას, სიმარტივეს და იმ იდეას, რომ სილამაზე ხშირად სწორედ არასრულყოფილებასა და შემთხვევითობაში იბადება. ტექნიკურად, რაკუ გულისხმობს სწრაფ გამოწვას და ცხელი ობიექტის პირდაპირ ამოღებას ღუმლიდან, რასაც მოჰყვება რედუქციული პროცესი. ამ დროს კვამლი, ჟანგბადის ნაკლებობა და ტემპერატურის სწრაფი ცვლილება ქმნის უნიკალურ ზედაპირებსა და ეფექტებს, რომლებიც წინასწარ სრულად განსაზღვრული არასდროს არის. სწორედ ეს დაუმორჩილებელი და ცოცხალი პროცესი განსაზღვრავს რაკუს განსაკუთრებულ ხასიათს. გამოფენაზე წარმოდგენილი ასი ჩაის ფიალა სრულად ხელითაა შექმნილი, ჩავანის (იაპონური ტრადიციული ჩაის სასმისი) ტრადიციული პრინციპების გათვალისწინებით. ოთხი სხვადასხვა ტიპის, ჩემ მიერ სპეციალურად რაკუსთვის შექმნილი ჭიქური გამოვიყენე, ხოლო თითოეული ობიექტი ინდივიდუალურად რეაგირებს ცეცხლზე, კვამლსა და ტემპერატურაზე, სწორედ ამიტომ არცერთი მათგანი არ მეორდება. საქართველოში რაკუს პრაქტიკა ჯერ კიდევ ნაკლებადაა გავრცელებული. ჩემი სურვილია, რომ მსგავსმა აქტივობებმა ხელი შეუწყოს ამა თუ იმ კერამიკული კულტურის უფრო ღრმად დამკვიდრებას ადგილობრივ კერამიკულ გარემოში ისე, როგორც ეს მოხდა დასავლეთში გასული საუკუნის განმავლობაში. გახსნის პროცესი  საკმაოდ ინტენსიური აღმოჩნდა, პირველ გამოფენაზე კურატორული სამუშაოც თავად შევასრულე. მომავალში კი მინდა, რომ ეს სივრცე გახდეს პლატფორმა სხვა კერამიკოსებისათვის, კურატორებისა და ხელოვანებისათვის, სადაც ისინი შეძლებენ მის გამოყენებას და გარდაქმნას სრულიად განსხვავებული ფორმებითა და ხედვებით.

7370c701-2d5c-440e-9548-82bc88800365.jpeg 304.01 KB

რა არის პროექტის უმთავრესი მიზანი? 

 

როგორც უკვე აღვნიშნე, კერამიკა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მე არ ვარ მხოლოდ ხელოვანი ან მკვლევარი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება კერამიკა ჩვენს კულტურაში დღეს. საქართველო ერთ-ერთი უძველესი კერამიკული ტრადიციის ქვეყანაა, უნიკალური სტილითა და მდიდარი ისტორიული კერებით. ვფიქრობ, დღეს ეს დარგი მრავალი გამოწვევის წინაშეა, მათ შორისაა ადგილობრივად გადამუშავებული მასალების დეფიციტი, პროფესიული ლიტერატურისა და ძლიერი პროფესიული ქსელის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ჯერ სრულად არ არის რეალიზებული. დღეს ქართულ კერამიკას არ აქვს საკმარისი საერთაშორისო აღიარება  და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მჯერა, რომ მცირე ინიციატივებს შეუძლია მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია გაზიარება, თანამშრომლობა და საერთო გარემოს შექმნა. ჩემი საზიარო გალერეაც ამ იდეას ემსახურება, სივრცე, სადაც შეიძლება გაჩნდეს ახალი პროექტები, დიალოგი და განვითარება. მე არ ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული კერამიკა, როგორც მთლიანობა. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ ქართულ ველური თიხის ნიმუშებისა და ტრადიციული კერების კვლევასაც.  მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გადაიზრდება უფრო ძლიერ და საინტერესო პროცესში.