ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Loewe მომხმარებლებს ახალ სადღესასწაულო პრეკოლექციას სთავაზობს, რომელიც კიოტოში ცოლ-ქმრის, Shohei Fujita-სა და Chisato Yamano-ს მიერ დაფუძნებულ კერამიკულ სტუდიასთან Suna Fujita-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი კოლექცია შთაგონებულია ბავშვობის მოგონებებით, Suna Fujita-ს ფერადი ილუსტრაციები აფორმებს სხვადასხვა აქსესუარს, სამოსს, ჩანთებსა და ფეხსაცმელებს, მათზე დატანილია ბავშვების და როგორც შინაური, ისე წყლის ცხოველების გამოსახულებები.
Suna Fujita-ს უნიკალური პერსონაჟებით არის გაფორმებული მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩანთები, მათ შორის Hammock, Puzzle, Flamenco და ახალი Loewe Font, რომელთა კამპანიაც ჰეიკი კასკიმ გადაიღო. ჯონათან ანდერსონის ინიციატივით, კერამიკული სტუდიის დამფუძნებლებმა აქცენტი ზღვაზე და ოკეანეზე გააკეთეს, სწორედ ამ მოტივზე დაყრდნობით ცოლ-ქმარმა როგორც ციფრული, ისე ხელით დახატული ილუსტრაციები შექმნა. თითოეული ნივთი, რომელიც სხვადასხვა მასალით არის დამზადებული, ასახავს დეტალებისადმი ყურადღებას და ოსტატობას, რაც განსაზღვრავს როგორც Loewe-სა და ანდერსონის ხედვას, ისე Suna Fujita-ს სამყაროს.
Loewe-სა და Suna Fujita-ს თანამშრომლობა პირველი შემთხვევა არ არის, გასულ სეზონზე ჯონათან ანდერსონმა პირველად გააფორმა თავისი დიზაინით შექმნილი ნივთები კერამიკის სტუდიის ილუსტრაციებით, წარმატებული კოლაბორაციის შემდეგ კი ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ქალისა და მამაკაცის სამოსის, ჩანთების, ფეხსაცმელებისა და მრვალფეროვანი აქსესუარების ლიმიტირებული კოლექცია მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია მაღაზიებში და ბრენდის ვებგვერდზე. Loewe x Suna Fujita-ს კოლექციიდან გაყიდული ნივთების შემოსავლის ნაწილი კრიზისულ სიტუაციებში ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნილ ფონდს გადაეცემა.
ფოტოს წყარო: Loewe
დაწერე კომენტარი