პარიზის ჩრდილო-დასავლეთით - გერბეროიში, რომელიც ცნობილია, როგორც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი, დიზაინერის და მოდის საკულტო ფიგურის - ჯონ გალიანოს მე-18 საუკუნით დათარიღებული სახლი მდებარეობს, სადაც თავის პარტნიორთან - ალექსის როშთან ერთად მრავალი წელია ცხოვრობს. სახლი გამორჩეულია დიდი კოლექციით, ხელოვნების შედევრებითა და საუკუნოვანი ობიექტებით, რომლებსაც  გალიანო წლების განმავლობაში აგროვებდა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წყვილი სახლის შერჩევის პროცესში იყო, მათზე შთაბეჭდილება მოახდინა გერბეროის სილამაზემ და სიმყუდროვემ, ბაღებმა, რომელთა შექმნა პოსტიმპრესიონისტ მხატვარს - ჰენრი ლე სიდანერს უკავშირდება. არჩევანი მე-18 საუკუნის სახლზე შეჩერდა, რომელიც წლების ისტორიას ინახავს. ჯონ გალიანო თავისი უნიკალური შემოქმედებითი ხედვით არის განთქმული, შესაბამისად, სახლი განახლდა ისე, რომ ყოველი დეტალი გაჯერებულია ხელოვნებით და გალიანოს დამახასიათებელი ესთეტიკით.

განახლების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან უძველესი სახლი არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო, რესტავრაციის გეგმა გალიანომ თავად შეადგინა. ოთახები განლაგდა ისე, რომ დიდი ყურადღება მიექცა ფანჯრებიდან შემოსულ სინათლესა და ხედებს. მაგალითად, სახლის მთავარი აბაზანა - სავსე პარფიუმერიის ანტიკვარული ბოთლებით, ამოტვიფრული ვენეციური სარკეებით და ბარონ ფონ გლოდენის ნამუშევრებით, საძინებლის წინ განთავსდა, საიდანაც ბუნების პეიზაჟი იშლება. 

სახლის ინტერიერის დიზაინზე გალიანომ დეკორატორებთან ერთად იმუშავა, ის თანამშრომლობდა დანიელ სლოვიკთან, რომელმაც ფერთა შთაგონება გალიანოს ნახატების კოლექციიდან და სხვადასხვა ობიექტიდან მიიღო. როგორც სლოვიკი აღნიშნავს, გალიანოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი შუქი და ფერები იყო. სახლში კაშკაშა ყვითელ ოთახებს და ვარდისფერ მისაღებს შეხვდებით, კიბეზე ძველი ხალიჩებია დაფენილი, ხოლო მაგიდებზე მაროკოს ანტიკვარული გადასაფარებლები, აბრეშუმის ხავერდით დაფარული სკამები, თურქული ფარდაგები და ტერაკოტას ფილები - სახლში თითოეული  დეტალი ერთმანეთს ერწყმის და ეხამება. 

ჯონ გალიანოს ხელოვნებისა და უძველესი ობიექტებისადმი სიყვარულსა და ინტერესს არაერთი ნივთი ადასტურებს, მაგალითად, აქ შეხვდებით ლუი XV-ის სკამს - 1940-იანი წლების წითელი ხავერდის დივანს, 1950-იანი წლების ჯიო პონტის სავარძლებს, რომლებიც გაფორმებულია ბროწეულებისა და პეონების დიზაინით, ასევე ბუხრის კედელს, რომელსაც ფარავს მხატვარ Eloïse d'Argent-ის მიერ შექმნილი დელფტის ფილები. სახლი ასევე ინახავს ნივთებს, რომლებიც გალიანომ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას შეაგროვა, იქნება ეს იაპონიიდან, ჩინეთიდან თუ ინდოეთიდან, მაგალითად, მე-17 და მე-18 საუკუნეების ინდური მინიატიურების ვრცელი კოლექცია.

IMG_3541.png 1.5 MB
სახლში განთავსებულია ატელიე, სამხატვრო გალერეის კედლებითა და ბიბლიოთეკით, სადაც სხვა ბევრ წიგნთან და ნამუშევართან ერთად წარმოდგენილია გალიანოს საყვარელი გამოცემები - დიკენსის რომანები, ის ილუსტრაციები, რომლებიც გალიანოს როგორც ბავშვობაში, ისე სტუდენტობისას შთააგონებდა. ატელიეში საგულდაგულოდ განახლდა ტერაკოტას ფილები, რომელზეც ანტიკვარული თურქული ხალიჩებია დაგებული.

სახლის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილია გარე სივრცე, რომელზეც გალიანომ კამილ მიულერთან ერთად იმუშავა, რათა შეექმნათ რომანტიკული, ინგლისური ბაღით შთაგონებული ეზო. შუაგულში შროშანის ტბორი და უძველესი წიფლის ხეა განთავსებული, რომელიც გარშემორტყმულია უამრავი მცენარითა და ყვავილით. ჯონ გალიანოს სახლს აქვს 1779 წლის კარიბჭე, რომელზეც განთავსებულია Margiela-ს ატელიეს მიერ დამზადებული ბანერი. 


ფოტოს წყარო: Vogue