ვენეციის შუაგულში, Piazza San Marco-ს მოედანზე, ისტორიული კაფე - Caffè Florian მდებარეობს, რომელიც 1720 წლით თარიღდება და საუკუნეების განმავლობაში ითვლება მრავალი ცნობილი ადამიანის, მხატვრების, მწერლების, ისტორიკოსებისა და სამეფო ოჯახების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად. კაფეს სტუმრობდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ოსკარ უაილდი, ერნესტ ჰემინგუეი, ამადეო მოდილიანი, ჩარლი ჩაპლინი, ენდი უორჰოლი, გრეის კელი, კოკო შანელი, ჯაკომო კაზანოვა, გოეთე, ბაირონი, ჩარლზ დიკენსი და მრავალი სხვა. 

Caffè Florian 1720 წელს ფლორიანო ფრანჩენსკონიმ დააარსა, თავდაპირველად სულ ორი ოთახისგან შემდგარი კაფე იმ დროისთვის ქალაქის ერთადერთი თავშეყრის ადგილი იყო, სადაც რესპუბლიკის აკრძალვების მიუხედავად კაფეში ქალებიც დაიშვებოდნენ. თავდაპირველად ადგილს Alla Venezia Trionfante ეწოდებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი მფლობელის და დამფუძნებლის, ფლორიანოს პატივსაცემად მას Caffè Florian ეწოდა და დღემდე ინარჩუნებს როგორც მის სახელს, ისე მრავალწლიან უნიკალურობას, სადაც ყოველი კუთხე გაჯერებულია საუკუნეების ისტორიით.

კაფე ნელ-ნელა ფართოვდებოდა და გახსნიდან რამდენიმე წელში უამრავი სტუმრისა და მსურველის გამო რამდენიმე ოთახი შეემატა, 1858 წელს Caffè Florian-ს არქიტექტორ ლოდოვიკო კადორინის ხელმძღვანელობით რესტავრაცია ჩაუტარდა. რამდენიმე წლის წინ Caffè Florian კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ განახლდა არქიტექტორ ბარბარა პასტორის მიერ - რესტავრაცია ჩაუტარდა ავეჯს, სარკეებს, ფრესკებსა და ოქროს ჩუქურთმებს, ყოველ ნივთსა თუ ობიექტს, რაც კაფეს უნიკალურობას და თავდაპირველ ბრწყინვალებას უსვამს ხაზს. 

IMG_5310.jpeg 75.3 KB
უძველესი ისტორიული კაფე ხშირად გამხდარა საკულტო ფილმების გადასაღები მოედანი, ერთ-ერთი ფილმი, რომელშიც სცენებს Caffè Florian-იდან შეხვდებით The Talented Mr Ripley-ია. გარდა ამისა, 1988 წლიდან კაფე თანამედროვე ხელოვნების გამოფენებსაც მასპინძლობს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ბიენალესთან ერთად ტარდება, გამოფენის ფარგლებში ხელოვანები Caffè Florian-ის დარბაზის ინსტალაციების ხელახალ ინტერპრეტაციებს ქმნიან. კაფეში გამოიფინა ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან ბრუნო ჩეკობელი, მიმო როტელა, ფაბრიციო პლესი, ლუკა ბუვოლი, არკანჯელო, ფაუსტო გილბერტი, მარკო ტირელი და სხვები.


ფოტოს წყარო: Architectural Digest, Caffè Florian