ქართველმა შეფმზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ დუბაიში გამართულ ღონისძიებაზე - Best Chef Awards 2024-ზე მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეულებს შორის დასახელდა. Best Chef Awards, რომელსაც წელს, 4-6 ნოემბერს დუბაიში მდებარე სასტუმრომ Atlantis The Palm-მამ უმასპინძლა, ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო შეფმზარეულების მიღწევებისა და მათი წვლილის აღიარებას ისახავს მიზნად. წლევანდელ  ღონისძიებას მსოფლიოს  61 ქვეყნიდან 550 შეფმზარეული ესწრებოდა.

თეკუნა გაჩეჩილაძე მრავალი წარმატებული პროექტის და სარესტორნო ბრენდის ავტორია, მან ღონისძიებაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი - Cafe Littera წარადგინა. თბილისში, მწერალთა სახლის ეზოში მდებარე კაფე  ტრადიციული ქართული გემოებითა და თანამედროვე ინტერპრეტაციების შერწყმით, საავტორო და ორიგინალურ კერძებს აერთიანებს.