45 წლის წინ მოდის ინდუსტრიაში გამოჩნდა Elie Saab, რომელმაც 1980-იან წლებში სახელი გაითქვა გამორჩეული საღამოს კაბებით და დღემდე მბზინავი, ძვირფასი ქვებით, კრისტალებითა და მარგალიტებით გაფორმებულ ულამაზეს სამოსთან ასოცირდება - სწორედ 45-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მოდის სახლმა საუდის არაბეთში გრანდიოზული ჩვენება გამართა. შოუ, რომელსაც 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, აერთიანებდა განსაკუთრებული ქსოვილებით და ნაქარგებით შექმნილ მაქმანებიან, ბრჭყვიალა და დახვეწილ კაბებსა და კოსტიუმებს, 300 ლუქს და მუსიკალურ პერფომანსებს.
ჩვენება, სახელწოდებით "The 1001 Seasons of Elie Saab", მსახიობმა ჰოლი ბერიმ Elie Saab-ის შინდისფერი კაბით გახსნა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა - მსახიობს სწორედ ეს კაბა 22 წლის წინ ოსკარის დაჯილდოებაზე ეცვა, რომლის მოგებამაც მის კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა და ასევე, გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც ჯილდო მთავარი როლის შემსრულებლის ნომინაციაში მიიღო. ჩვენება მუსიკალურად გააფორმეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან სელინ დიონი, ჯენიფერ ლოპესი და კამილა კაბეიო, მომღერლებმა მათი ყველაზე ცნობილი სიმღერები შეასრულეს, ასევე სცენაზე ვიხილეთ ლიბანელი მომღერალი ნენსი აჯრამი და ეგვიპტელი მუსიკოსი Amr Diab.
Elie Saab-ის ჩვენებაზე ახალ სახეებთან ერთად გამოვიდა რამდენიმე სუპერმოდელი, რომელთანაც Elie Saab-ს ადრეც უმუშავია, მათ შორის - ადრიანა ლიმა, ჰელენა კრისტენსენი, ევა ჰერციგოვა, ჯორდან დანი, ქენდის სვანეპოლი და მარია კარლა ბოსკონო.
ფოტოს წყარო: Elie Saab, The Impression
დაწერე კომენტარი