Louis Vuitton-მა ნიუ-იორკში ახალი მაღაზია - ამერიკის შეერთებულ შტატებში სახლის ყველაზე დიდი სივრცე გახსნა, რომელიც მოდის, კულტურისა და გასტრონომიის შერწყმას წარმოადგენს. სივრცე აღნიშნავს Louis Vuitton-ის ნიუ-იორკთან ღრმა კავშირს, რომელიც უკვე მრავალ წელს ითვლის - მოდის სახლმა თავისი პროდუქციის გაყიდვა ამერიკაში 1898 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დამოუკიდებელი მაღაზია ნიუ-იორკში 1980 წელს, 57-ე ქუჩაზე გახსნა, სწორედ ამ ადგილის სიახლოვეს მდებარეობს ახალი სივრცე.
არტ დეკოს სტილის შენობა ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა, მაღაზიის დიზაინი კი OMA-ს დიზაინერ შოჰეი შიგემაცუსთან თანამშრომლობით შეიქმნა. სივრცე აქცენტს აკეთებს Louis Vuitton-ის ცნობილ ჩემოდნებზე და მათი წარმოების მრავალწლიან მემკვიდრეობაზე. წარმოდგენილია Courrier Lozine 90-ის ჩემოდნებით შექმნილი მონუმენტური ინსტალაცია, ასევე Keepall-ისა და Speedy-ის ჩანთების კედელი, დიდი ზომის ფრესკები იაიოი კუსამას და ტაკაში მურაკამის ნიმუშებით, რომლებიც აღნიშნავენ ბრენდის თანამშრომლობას და კლასიკური მოდელების ინტერპრეტაციას.
მაღაზია აერთიანებს ხუთ სართულს, თითოეული მათგანი კი Louis Vuitton-ის კონკრეტულ კატეგორიას ეთმობა - პირველ სართულზე წარმოდგენილია ტყავის ნაწარმის მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის ჩანთები, აქსესუარები და სამოგზაურო ნივთები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, ადგილზე პერსონალური დეტალებით ფორმდება. მეორე სართულზე განთავსებულია ქალების კოლექცია, მესამე სართული კი მამაკაცის ხაზს ეძღვნება. მეოთხე სართულზე შეხვდებით Art de la Table და Objets Nomades კოლექციებს, ძვირფასი სამკაულებისა და საათების კუთხესა და კაფეს.
Le Café Louis Vuitton კაფესთან ერთად ბიბლიოთეკას წარმოადგენს, რომელიც რედაქტორ იან ლუნას კურატორობით 600-ზე მეტ წიგნს ინახავს. კაფეს კი ფრანგი მზარეულები - არნო დონკელე და მაქსიმ ფრედერიკი ხლმძღვანელობენ, რომლებიც გამორჩეულ და ორიგინალურ, სახლის საავტორო კერძებსა და დესერტებს ქმნიან. აქვე მდებარეობს Le Chocolat Maxime Frédéric - ხელნაკეთი ტკბილეულისთვის
ფოტოს წყარო: Louis Vuitton, Designboom
დაწერე კომენტარი