ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში, დასავლეთის ტბის მიმდებარედ Chanel-ის 2024-25 წლების Metiers d’art კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მატილდა გვარლიანმა მიიღო. ქართველ მოდელს აქამდეც ჰქონია ფრანგულ მოდის სახლთან თანამშრომლობის გამოცდილება, მატილდა რამდენჯერმე ვიხილეთ Chanel-ის ჩვენებებზე და კამპანიებში.


Métiers d’Art კოლექციები სათავეს 2002 წლიდან იღებს და მას შემდეგ სახლი ყოველწლიურად მართავს კოლექციისადმი მიძღვნილ ჩვენებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ცოტა ხნის წინ, Chanel-ის ყოფილმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ვირჯინი ვიარდმა პოსტი დატოვა. შესაბამისად, ახალი დიზაინერის დანიშვნამდე კოლექციებზე სახლის დიზაინის ჯგუფი ზრუნავს, სწორედ მათ უკავშირდება უახლესი Métiers d’Art კოლექციის შექმნა. 


კოლექციაში მრავლად ვხვდებით კამელიების ნაქარგ  მოტივებს, ჩინურ ელემენტებს -  დამახასიათებელი ფრინველებისა და ყვავილების გამოსახულებებით, მათ შორის - დასავლეთის ტბის ლოტუსებს, ძველი ჩინური ნივთებით შთაგონებულ სამკაულებსა და აქსესუარებს. კოლექცია ხაზს უსვამს Chanel-ის საუკუნოვან ხელწერას. წარმოდგენილია კაბები, კოსტიუმები, გრძელი ქურთუკები ფართო მხრებით, ტვიდის, ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილებით შექმნილი სამოსი უნიკალური ნაქარგებით. ჩინეთში გამართულ ჩვენებას 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის - ვიმ ვენდერსი, ტილდა სუინტონი, Lupita Nyong’o, Zhou Xun, ლეა დუ და უილიამ ჩანი.

ფოტოს წყარო: Chanel