ედვარდ ბერგერის ფილმი „პაპის კონკლავი“, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობს, წლევანდელი ოსკარის 97-ე დაჯილდოების 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი. ფილმმა გამარჯვება მოიპოვა საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ასევე გაიმარჯვა საუკეთესო სცენარისთვის ოქროს გლობუსის 82-ე ცერემონიასა და Critics' Choice Awards-ზე, სადაც მოიპოვა ჯილდო საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის და აღიარეს საუკეთესო ფილმად Bafta-ზე. ედვარდ ბერგერის რეჟისორობით გადაღებული ტრილერი „პაპის კონკლავი“ რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანს ეფუძნება. მისი პრემიერა 2024 წლის 30 აგვისტოს Telluride Film Festival-ზე შედგა. ქართველ მსახიობ მერაბ ნინიძესთან ერთად ფილმში მონაწილეობენ რეიფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი, იზაბელა როსელინი, იასეკ კომანი და ლუსიან მსამატი. ფილმის სიუჟეტი ვატიკანში ვითარდება და მოგვითხრობს კარდინალ ლოურენსზე, რომელიც ახალი პაპის არჩევის რთულ პროცესს უძღვება, რომლის დროსაც ფილმის მთავარი გმირი შეთქმულების მონაწილე ხდება. მერაბ ნინიძე „სიქსტის კაპელაში“ მყოფი ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს.
დაწერე კომენტარი