ქართულმა მოდის სახლმა Situationist-მა პარიზის მოდის კვირეულზე 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომლითაც ბრენდის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ ახალი ინტერპრეტაციებით, ორიგინალური ფორმებითა და ტექსტურებით ხაზი გაუსვა ბრენდის გამორჩეულ და უნიკალურ ხელწერას. Situationist-ის კოლექციები, სამოსი და აქსესუარები მომხმარებელს ინდივიდუალიზმის და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე მოდის შერწყმა ქართულ მემკვიდრეობასთან საინტერესო სინთეზს ქმნის, რის გამოც ბრენდი მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა და საერთაშორისო წარმატებას იმსახურებს.

Situationist უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ პარიზის მოდის კვირეულზე, ბოლო სამ სეზონზე ბრენდი კვირეულის განრიგში უცვლელ ადგილს იკავებს. წლევანდელ ჩვენებაზე ბევრმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან: ნინი ნებიერიძე, ნატა ბერაძე, მარიშა ურუშაძე, თამუნა ღვაბერიძე, სერჟ რიგვავა და დავით გიორგაძე. ახალი, კონტრასტული კოლექცია ტექსტურების კომბინაციებით გამოირჩევა, ვხვდებით ტყავისა და ბეწვის შეხამებას, ქიშმირის ნაქსოვ და გამჭირვალე სამოსს, თრენჩებსა და მოსაცმელებს, კლასიკურ კაბებს და შარვლებს. კოლექციაში დიდ როლს ასრულებს აქსესუარები, სკულპტურული ჩანთები, სამკაულები და ტყავის ფეხსაცმელები, და სწორედ მათი ერთიანობა განსაზღვრავს Situationist-ის იდენტობას.