Matiere Premiere ფრანგული პარფიუმერული ბრენდია, რომელიც განსაკუთრებულ არომატებს უმაღლესი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებით ქმნის და მომხმარებელს უნიკალურ სურნელს სთავაზობს. 20 მარტს ბრენდის დამფუძნებლები - მასტერ პარფიუმერი Aurelien Guichard და Caius von Knorring თბილისს ესტუმრნენ და არომატეკას ორგანიზებით, სასტუმრო Rooms-ში მასტერკლასი გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სტუმრები ფრანგული ბრენდის ისტორიასა და კონცეფციას, სუნამოების შექმნის ხელოვნებასა და გამორჩეულ ტექნიკას გაეცნენ. ტრადიციულ პარფიუმერიულ ხელოვნებასა და Aurelien Guichard-ის თანამედროვე ხედვაზე დაფუძნებულ Matiere Premiere-ს სუნამოებს საქართველოში ექსკლუზიურად Aromateque Georgia წარმოადგენს.
მასტერ პარფიუმერის - Aurelien Guichard-ის სუნამოებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება სათავეს ოჯახის მრავალწლიანი ისტორიიდან და მემკვიდრეობიდან იღებს, იგი მეშვიდე თაობის პარფიუმერია და მის მამას - Jean Guichard-ს მრავალი საკულტო სუნამოს შექმნა უკავშირდება. პარფიუმერმა ოჯახის გამოცდილებას, მიღებულ ცოდნას, ინტერესსა და ნიჭს ერთად მოუყარა თავი და 2016 წელს საკუთარ სამშობლოში და დაბადების ადგილზე, საფრანგეთში მდებარე პარფიუმერიის ცენტრად აღიარებულ გრასში ორგანული ბაღი - ვარდისა და ტუბეროზას პლანტაციები გააშენა. სწორედ გრასში მდებარე ბაღში ბრენდის ბუნებრივ საფუძველს ქმნის და მას უნიკალურობას სძენს, რადგან Aurelien Guichard ერთადერთი პარფიუმერია, რომელიც არომატების შესაქმნელად საკუთარ ინგრედიენტებს იყენებს. პარფიუმერი საყვარელ ინგრედიენტად ვარდს ასახელებს, რომელსაც საკუთარ ბაღში ზრდის და მისი შემადგენლობით შექმნილ სუნამოებს შორისაა ცნობილი Radical Rose, რომელიც ბიოლოგიურად მოყვანილი, ყველაზე ინტენსიური ვარდის არომატია.
სწორედ ამ ღირებულებებმა და ბუნებრივ ინგრედიენტებზე ხაზგასმამ შთააგონა მას ბრენდის სახელიც - Matiere Premiere, რომელიც ფრანგული ფრაზაა და “ნედლეულს“ ნიშნავს. უმაღლესი ხარისხის ორგანული ნედლეული, ეკოლოგიურ სისუფთავეზე და გარემოზე მინიმალური ზემოქმედება Matiere Premiere-ს მთავარი ორიენტირია. იმ ინგრედიენტებისთვის, რომლებსაც თავად არ ზრდის, Guichard თანამშრომლობს მწარმოებლებთან, რომლებიც იზიარებენ მის ღირებულებებს, მაგალითად, ბრენდი ვანილის აბსოლუტს მადაგასკარიდან იღებს, რომელიც Fair for Life სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი გამოცდილებით იქმნება და ამცირებს ნებისმიერ უარყოფით გავლენას გარემოზე. ამგვარად, პარფიუმერი პროდუქტის შესაქმნელად მთელ მსოფლიოში მოპოვებულ მხოლოდ ძვირფას ნედლეულს იყენებს და ამ პროცესში თითოეულ დეტალს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს.
ტრადიციული ფრანგული პარფიუმერიის დეტალების გათვალისწინებით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და გარემოზე ზრუნვით - Matiere Premiere 2019 წელს დაფუძნდა და ბრენდის მიდგომებმა და კონცეფციამ მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. ბუნებისა და ხელოვნების სინთეზით შთაგონებული ფრანგული ბრენდის სუნამოები 85-იდან 92 პროცენტამდე ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს, თითოეული მათგანი ერთ მთავარ ბუნებრივ ინგრედიენტზეა დაფუძნებული და დღეისათვის 17 სუნამოს აერთიანებს. Matiere Premiere-ს უახლესი სუნამო Vanilla Powder-ია, რომლის ინგრედიენტი სწორედ მადაგასკარში მოპოვებული ვანილია. ბრენდის გამორჩეული სუნამოებია: მუშკით გაჯერებული Parisian Musk, ნარინჯის ყვავილის Neroli Oranger, ხავერდოვანი ტყავის არომატის Falcon Leather, ამბრის ნოტებზე დაფუძნებული Encens Suave და Crysal Saffron.
დაწერე კომენტარი